ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან დამარცხების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი შეაფასა. მისი თქმით, არ უნდა ჩათვლილიყო ალვარო მორატას მიერ გატანილი გოლი. სწორედ მორატას გატანილმა გოლმა გაათანაბრა ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს.
“მართლა ოცნება ავიხდინეთ, ჯგუფი გადავლახეთ და ასეთ რთულ მეტოქესთან ვიბრძოლეთ. ჩემი აზრით, ცოტა არ გაგვიმართლა. პირველ ტაიმში, ბოლო წუთებში ბურთი რომ არ გაგვეშვა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა. გოლიც ისეთი იყო, ალბათ 50/50-ზე იყო. ჩემი აზრით, არ უნდა ჩათვლილიყო, იმიტომ, რომ მამარდაზე მორატა, ასე ვთქვათ, მოქმედებდა და ვეღარ ხედავდა ბურთს. მაგრამ არა უშავს, ფეხბურთია. დადებითად შევაფასებდი ყველას თამაშს და ბედნიერები ვართ. ალბათ, გამოცდილებაც დაგვაკლდა, მაგრამ ყველაფერი ნელ-ნელა მოდის და ვეცდებით, რომ კიდევ წინ და წინ წავიდეთ ხოლმე. უნდა მოვხვდეთ ასეთ და ამაზე დიდ ტურნირებზე. ჩემი აზრით, ვიმსახურებთ იმ ყველაფერს, სადაც ვართ დღეს”, – განაცხადა ხვიჩა კვარამცხელიამ.
ის მადლობას უხდის გულშემატკივას და ამბობს, რომ არ ჰქონდა მოლოდინი, ამდენი ადამიანი თუ დაესწრებოდა ამ მატჩს.
“ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. მართლა არ ველოდით, ამდენი ხალხი თუ მოვიდოდა, იმიტომ, რომ ალბათ ბევრს არ ეგონა, რომ ჯგუფიან გავიდოდით. ამდენი ხალხი მოვიდა, ასე გვამხნევებდნენ. ძალიან დიდი მადლობა მათ, ასე ერთიანად და ასე ერთმანეთის გვერდით დგომით, ჩემი აზრით, ყველაფერს მივაღწევთ”, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.
საქართველო ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა. ეროვნული ნაკრები 30 ივნისს გამართულ მერვედფინალურ რაუნდში ესპანეთთან დამარცხდა ანგარიშით 1:4.