ალუჩა — მრავალწლოვანი ხეხილოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. უეკლო, 10-13 მ-მდე სიმაღლის. სითბოს მოყვარული ხეა. გვხვდება ბარში და ზეგანზე, ზღვის დონიდან 500-700 მ სიმაღლემდე.
სამკურნალო თვისებები
ალუჩის ნაყოფი
ალუჩა შეიცავს 13% შაქარს, 5% ორგანულ მჟავებს, 1,5% პექტინს, ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთებს, ვიტამინებს B, C, E, P და PP-ს. ალუჩა კურნავს ღამის სიბრმავეს, შველის შეკრულობას, ასუფთავებს სისხლს, დაბლა სწევს პროტრომბინს. კარგი საშუალებაა პროსტატიტის სამკურნალოდ.
მედიცინაში გამოიყენება ალუჩის არა მხოლოდ ნაყოფი, არამედ ყვავილებიც. ტყემლისა და ალუჩის ყვავილების ნაყენი სასარგებლოა ღვიძლისა და თირკმელების დაავადებისას. იგი საუკეთესოა მამაკაცის სასქესო სისტემის მოშლილობის დროსაც.
რა დროს არის ალუჩა საზიანო?
უმი სახით ალუჩის მიღება უკუნაჩვენებია ინდივიდუალური აუტანლობისას, ასევე მუცლის ღრუს იმ დაავადებების დროს, რომლებიც კუჭის წვენის მომატებულ გამომუშავებას უკავშირდება. ალუჩისა და ტყემლის მიღება ასევე არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც გასტროდუოდენური მიდამოს და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაზიანება აქვს.
დასახელებული პროდუქტის სამკურნალო მიზნით გამოყენების შემთხვევაში უმჯობესი იქნება, მიმართოთ სპეციალისტს.