პარლამენტთან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარტიის სხვა ლიდერები მივიდნენ.
ადგილზე იმყოფებიან ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, მამუკა მდინარაძე, კახა კალაძე.
რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ ორგანიზებული „საყოველთაო სახალხო შეკრებასთან“ დაკავშირებული ღონისძიება მიმდინარეობს.
ღონისძიება საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა შეკრება 18:00 საათიდან დაიწყეს.
დღევანდელ შეკრებას უერთდებიან “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რომლებიც “ფილარმონიიდან” საკონონმდებლო ორგანომდე მსვლელობით მივიდნენ. მათ გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით: “ღირსებით ევროპისკენ”.
საკანონმდებლო ორგანოსთან დამონტაჟებულია სცენა, სადაც ამ მომენტში სიტყვით უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე გამოდის.
როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოქალაქეებს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მიმართავს.