საქართველოში ფეხბურთის გულშემატკივარი რომ გავაჩეროთ და ქალაქ ვალენსიას შესახებ ვკითხოთ, უმრავლესობას, პირველ რიგში, გიორგი მამარდაშვილი გაახსენდება, რომელიც სამართლიანად ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამავე ქალაქის ნომერ მეორე გუნდ “ლევანტეში” უკვე 5 წელია ირიცხება ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი, რომელმაც უკანასკნელი სანაკრებო პაუზის დროს, ყველა ქართველს შეაყვარა თავი საკუთარი ბრძოლისუნარიანობის, გამძლეობისა და ლიდერის თვისებების წყალობით.
გიორგი ქოჩორაშვილი 1999 წლის 29 ივნისს დაიბადა და ფეხბურთის თამაში “დინამოს აკადემიაში” დაიწყო, როდესაც ახალგაზრდულ მიმართულებას, კლუბის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, ანდრეს კარასკო ხელმძღვანელობდა.
2017 წელს ქოჩორაშვილი “საბურთალოს” (დღეს უკვე “იბერია”) რიგებში აღმოჩნდა, რომლის სპორტული დირექტორიც ლეგენდარული ფეხბურთელის ფერნანდო იეროს ძმა მანოლო იერო იყო, რომელიც გამორჩეული სელექციითა და ტალანტების ნიჭის აღმოჩენით იყო დაჯილდოებული. პროფესიონალურ დონეზე დებიუტიც, სწორედ ამ გუნდში ჰქონდა, რის შემდეგაც 19-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს.
2017 წელს ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძელი საქართველო იყო, სადაც “საბურთალოს” შემადგენლობიდან ყველაზე მეტი ექვსი ფეხბურთელი იყო წარმოდგენილი, რომელთა შორის გიორგი ქოჩორაშვილიც ფიგურირებდა.
ნაკრებში გამოძახების შესახებ, მაშინ ქოჩორაშვილმა კომენტარიც გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ მისთვის ასაკობრივ დონეზე ნაკრების რიგებში თამაში ბევრს ნიშნავდა:
“ძალიან დიდ რამეს ნიშნავს. ბავშვობაში, როდესაც ფეხბურთს ვუყურებდი, თუ როგორ მღეროდნენ ფეხბურთელები ჰიმნს, მეც ფეხზე ვდგებოდი და წარმოვიდგენდი, რომ მეც ნაკრებში ვიყავი. ახლა, როცა ნაკრების თამაშებზე ფეხზე ვდგავარ, ეს მახსენდება. ჩემთვის ძალიან დიდი რაღაცაა ნაკრებში თამაში. თუ ჯარისკაცი ქვეყნის ტერიტორიას იცავს, ფეხბურთელმა ქვეყნის სახელი უნდა დაიცვას, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვუდგები. აქვე დიდ მადლობას გადავუხდი მთავარ მწვრთნელ გიორგი ყიფიანს, რომელიც ძალიან მენდო” – განაცხადა 2017 წელს ქოჩორაშვილმა.
საბოლოოდ საქართველოსთან ერთად ჯგუფში პორტუგალიის, შვედეთისა და ჩეხეთის ნაკრებები მოხვდნენ, საიდანაც გამარჯვება მხოლოდ შვედეთთან მოვიპოვეთ და შედეგად ჯგუფში ჩავრჩით. ქოჩორაშვილმა სამივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და ტურნირის დასრულების შემდეგ ინდივიდუალურად წარმატებული ასპარეზობა დაუფასდა.