შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მათი წარმომადგენლები უცხოური გავლების შესახებ კანონის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებენ .
კერძოდ, განცხადებით ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ არ მიიღონ “ანტისახელმწიფოებრივი, ანტიევროპული და პრორუსული კანონი”, რადგან ის მთლიანი საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, საზიანო იქნება.
ისინი წერენ, რომ ეს კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ამასთანავე, აცხადებენ, რომ შშმ პირთა მიზანი ევროკავშირი და დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრებაა.
ამასთან, შშმ პირები აცხადებენ, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მხარდამჭერ სერვისებს ვერ მივიღებენ.
განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:
“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი წარმომადგენლები კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. აღნიშნული კანონი დააზიანებს არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ მთელ მოსახლეობას, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც კიდევ უფრო მოწყვლადები ვართ. ხელს შეუშლის თემში არსებული განსხვავებული აზრის არსებობას, რადგან მაშინაც კი, როდესაც გვაქვს რატიფიცირებული გაეროს შშმ პირთა უფლებათა კონვენცია, არაა უზრუნველყოფილი გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების ჩართულობა. ზემოხსენებული თემი მჭირდროდაა დაკავშირებული არასამთავრობო სექტორთან, რომელიც ფინანსდება უცხოური დონორების მხრიდან. ცნობილია, რომ ძირითადად სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ხდება შშმ პირთა დასაქმება, მათი ინფორმირება და მხარდამჭერი სერვისების ჩამოყალიბება/მიწოდება. სწორედ ხსენებული დაფინანსებების დამსახურებაა რომ გვაქვს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა კონვენცია რატიფიცირებული, სახელმწიფო ინსტიტუციების დონეზე ჩართულობის უზრუნველსაყოფად არსებული საკონსულტაციო მექანიზმები, ინკლუზიური განათლება სკოლებში, უფასო სასწავლო კურსები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ა.შ.
ამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ჩვენ ვერ მივიღებთ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მხარდამჭერ სერვისებს, შეფერხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა, ხელი შეეშლება ჩვენს საზოგადოებრივ ინტეგრაციასა და პოლიტიკურ თანამონაწილეობას, უფრო მეტად შეგვეზღუდება ავტონომია და დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობა. ამასთანავე, აღნიშნული კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თვითმიზანი კი – ევროკავშირი და დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრებაა. აქედან გამომდინარე, თქვენ ვალდებულები ხართ, გაითვალისწინოთ ჩვენი საჭიროებები და ინტერესები, არ დაუჭიროთ მხარი ჩვენ საწინააღმდეგო, რუსულ კანონპროექტს!”
არა რუსულ კანონს!
ჩვენ რუსეთი არ აგვირჩევია!
ჩვენ ვირჩევთ ევროპასა და ევროპულ ღირებულებებს!
განცხადებას ხელს 62 პირი აწერს.