საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ფრანგულ გამოცემა L’Équipe-სთან ინტერვიუში იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა განწყობით ელოდებიან ქართველი ფეხბურთელები გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებას.
სანიოლის თქმით, ეროვნული ნაკრების წევრებს სურთ, ტურნირზე თავი წარმოაჩინონ. როგორც ფრანგი სპეციალისტი აღნიშნავს, ამ ტურნირზე ამბიციურობა საჭიროა.
„საბერძნეთთან მატჩის შემდეგ ფეხბურთელებმა მითხრეს, რომ გერმანიაში ტურისტად ჩასვლას არ აპირებენ. მათ თავის წარმოჩენა სურთ.
ევროპის ჩემპიონატზე აუტსაიდერები ვიქნებით, მაგრამ აუტსაიდერებივით არ მოვიქცევით. ამბიციურები უნდა ვიყოთ. როდესაც 2021 წელს ნაკრებში მოვედი, D ლიგაში გამოვდიოდით, ახლა კი B ლიგაში ვართ. გამოცდილება უნდა მივიღოთ, რომ მომავალში, ფინალურ ეტაპებზე მოხვედრა შესარჩევებიდანაც შეგვეძლოს“, – ამბობს ვილი სანიოლი.
შეგახსენებთ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. გუნდი F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდში), ჩეხეთის (22 ივნისი, ჰამბურგში) და პორტუგალიის ნაკრებები (26 ივნისი, გელზენკირხენში) იქნებიან.