ვაზისუბნის დასახლებაში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, შელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, მეზობელი ქალისთვის დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებების მიყენებისთვის დაკავებულ პირს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 მარტს, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ბრალდებულმა შელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, მეზობლად მცხოვრებ ქალს, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.” – წერია განცხადებაში.