“ტვ პირველის” დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა:
“დღეს ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კანონის ჩარჩოებიდან და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეუძლია იძულებით შემოვიდეს და ამოიღოს არარსებული მითიური ხელსაწყო. მინდა მივმართო ხელისუფლებას, გამორიცხულია თქვენ ჩააქროთ “ტვ პირველი”. მოგმართავთ თქვენ, გამორიცხულია თქვენ კრიტიკული მედია ჩაახშოთ და ჩვენი ხმა არ ისმოდეს ამ ქვეყანაში”, – თქვა წერეთელმა.
შეგახსენებთ, “ტვ პირველის” ინფორმაციით, სასამართლომ პროკურატურას ტელეკომპანიიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას უკვე მიუვიდა და გამოაქვეყნა. თუმცა პროკურატურამ არა სკანდალური აუდიო ჩანაწერები მოითხოვა, არამედ, რაღაც კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც თითქოს ჟურნალისტებს მიაწოდეს.
ცნობისთვის, 6 მარტს, “TV პირველმა” აუდიოჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.