მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ჩინეთში 70 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრების განმარხებული საბუდარი იპოვა, რომელშიც სულ მცირე რვა სხვადასხვა დინოზავრის ნაშთია.
განმარხებული კვერცხები საშუალო ზომის ოვირაპტორს ეკუთვნის, რადგან ბუდეში თავად დედა დინოზავრიც არის განმარხებული. სირაქლემას მსგავსი ამ თეროპოდის ჩონჩხი ოცზე მეტ კვერცხზე ზის; სულ მცირე შვიდი კვერცხი გამოჩეკვის პირას ყოფილა და შიგნით დღემდე შემორჩენილია ემბრიონები.
ასეთი უძველესი სცენა უპრეცედენტოა და გვთავაზობს იმის პირველ მყარ მტკიცებულებას, რომ დინოზავრები მზრუნველი მშობლები იყვნენ, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დებდნენ კვერცხებს და ჩეკდნენ ნაშიერებს.
„ამ სახის აღმოჩენა, განსაკუთრებით განმარხებული ქცევა, უიშვიათესია დინოზავრებში. მართალია, რამდენიმე ოვირაპტორი ბუდეში კვერცხებთან ერთად აქამდეც არის აღმოჩენილი, მაგრამ კვერცხებში ემბრიონები არასოდეს გვიპოვია“, — ამბობს კარნეგის ბუნების ისტორიის მუზეუმის პალეონტოლოგი მეტ ლამანა.
1980-იანი წლებიდან დღემდე, პალეონტოლოგებმა დინოზავრთა მრავალი ბუდე აღმოაჩინეს განმარხებული კვერცხებით. ნაპოვნია კვერცხებზე მჯდარი მშობელი დინოზავრის ჩონჩხიც. ზოგიერთი ოვირაპტორის კვერცხი კი მიუთითებს, რომ ისინი მოლურჯო-მომწვანო უნდა ყოფილიყო.
თუმცა, პრობლემური რჩებოდა ქცევის დადგენა ნამარხების მიხედვით. თითქოს ყველაფერი მიუთითებს, რომ ოვირაპტორი მშობლები ნაშიერებს ბუდეებში ჩეკდნენ, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ ისინი კვერცხების დების ან დაცვის დროს იღუპებოდნენ და არა აუცილებლად ჩეკდნენ. უფრო ჰგავს ნიანგების ურთიერთობის მსგავსად თავიანთ ბუდეებთან და არა თანამედროვე ფრინველებივით.
აღმოჩენა სამხრეთ ჩინეთში, ქალაქ განჯოუს სიახლოვეს, ნანსიონგის გეოლოგიურ ფორმაციაში აღმოაჩინეს; ეს რეგიონი განთქმულია დინოზავრთა განმარხებული კვერცხების უდიდესი კოლექციით, მაგრამ მსგავსი რამ მეცნიერებს აქამდე აღმოჩენილი არ ჰქონდათ.
მშობელი დინოზავრისა და ემბრიონების ურთიერთობა ასე ახლოდან არასოდეს გვინახავს. ზრდასრული ოვირაპტორის სხეული კვერცხებთან ძალიან ახლოს არის, მათ შორის დანალექი ქანები თითქმის არ გვხდება.