პირველად ისტორიაში, დედამიწის ატმოსფეროს ზედა ნაწილში ქარიშხალი დააფიქსირეს. 2014 წელს, მაგნიტოსფეროში თანამგზავრებმა ჩაიწერეს პლაზმის უზარმაზარი, მბრუნავი ნაკადი, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა, შემდეგ კი გაქრა.
მართალია, ასეთი რამ აქამდე არასოდეს გვინახავს, მაგრამ მისი დაფიქსირება მიუთითებს, რომ კოსმოსური ქარიშხლები, როგორც მათ უწოდებენ, შეიძლება საკმაოდ გავრცელებული პლანეტური ფენომენი იყოს.
„ამ დრომდე ეჭვი გვეპარებოდა კოსმოსური პლაზმის ქარიშხლების არსებობაში და შესაბამისად, ამის დამტკიცება ასეთი გასაოცარი დაკვირვების შედეგად, უბრალოდ დაუჯერებელია“, — ამბობს ბრიტანეთის რიდინგის უნივერსიტეტის კოსმოსური გარემოს ფიზიკოსი მაიკ ლოკვუდი.
დედამიწის ატმოსფეროს ქვედა ნაწილში ქარიშხლები ხშირია: ამინდის მძლავრი, მბრუნავი სისტემები შედარებით მშვიდ ცენტრთა გარშემო, რასაც თან ახლავს ძლიერი ქარები და თავსხმა წვიმები, რასაც ძალიან მოკლე დროში ძალიან დიდი ზიანის მოყენება შეუძლია.
ისინი უცხო არც სხვა სხეულებისთვის არის — განსაკუთრებით იუპიტერისა და სატურნისთვის, ძლიერ ტურბულენტური პლანეტებისთვის; არ უნდა დაგვავიწყდეს პლაზმის ტორნადოები მზის ატმოსფეროს სიღრმეშიც.
ახალი კვლევის მიხედვით, კოსმოსური ქარიშხლები დიდად არ განსხვავდება თავიანთ ქვედა ატმოსფეროს „ბიძაშვილებისგან“.
ზემოთ ხსენებული კოსმოსური ქარიშხალი 2014 წლის 20 აგვისტოს დაფიქსირდა, მაგრამ მისი გამოვლენა მხოლოდ ახლა, ჩინეთის შანდუნის უნივერსიტეტში მონაცემებზე ჩატარებული რეტროსპექტიული ანალიზებით მოხერხდა. მონაცემების მიხედვით, ქარიშხალი ჩრდილოეთ პოლუსის თავზე გამოჩნდა და დაახლოებით 1000 კილომეტრის დიამეტრზე იყო გადაჭიმული.
ქარიშხალი 110 კმ-დან 860 კმ სიმაღლემდე ვრცელდებოდა და შედგებოდა პლაზმისგან მრავალი სპირალური მკლავით, რომლებიც საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, წამში 2100 მეტრი სიჩქარით მოძრაობდნენ. თუმცა, ცენტრი თითქმის უმოძრაო იყო, ზუსტად ისე, როგორც დედამიწის ატმოსფეროს ქვედა ნაწილის ქარიშხლების შემთხვევაშია.
თუმცა, სხვა ქარიშხლებისგან განსხვავებით, კოსმოსური ქარიშხალი იონოსფეროში ელექტრონებს ისვრის წვიმასავით. ამას კი საოცარი ეფექტი ჰქონდა — ციკლონის ფორმის უზარმაზარი ნათება ქარიშხლის ქვეშ. ეს ყველაფერი თითქმის რვა საათს გაგრძელდა და იონოსფეროში დალექა დიდი ოდენობით ენერგია და იმპულსი.