გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ ნერგეეთში განვითარებულ მეწყრულ პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის ტერიტორიაზე, 2024 წლის 7 თებერვალს, მდინარე ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურებას. მეწყერი განვითარდა ფერდობის ქვედა ნაწილში, ძლიერ ციცაბოდ დახრილ ზედაპირზე (60-650), ფერდობის ამგებ ძლიერ გამოფიტულ ტუფქვიშაქვებში, ტუფებში და არგილეტებში (ზეკარის წყება). მეწყრული მოწყვეტის ფლატის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრის სიგანე ზედა ნაწილში 20-25-მ-ია, ხოლო ქვედა ნაწილში 90-100 მ შ. დინამიკაში მოსული მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 150 000 მ3-ს. რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან. კერძოდ, ქუთაისში, ზესტაფონში და დიმში მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა.
მეწყერმა სრულად დაანგრია 4 საცხოვრებელი სახლი და ჩაკეტა მდინარე ხანისწყლის მარჯვენა ფერდობზე გამავალი ცენტრალური საავტომობილო გზა. მოხდა დიდი ტრაგედია, მეწყერმა გამოიწვია მსხვერპლი – გარდაცვლილია 4 და ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 5 პირის მიმართ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.