გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ბიულეტენში, რომელიც 2023 წელს არის მომზადებული და მოიცავს საქართველოში 2022 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების შედეგებს და 2023 წლის პროგნოზებს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეწყრული პროცესების გააქტიურება პროგნოზირებული იყო. ინფირმაციას ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
იმ სოფლებს შორის, რომელიც მოსალოდნელი სტიქიის ზონად არის მონიშნული, დოკუმენტში დასახელებულია სოფელი ნერგეეთიც, სადაც 7 თებერვალს სტიქიამ 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა – 6 დაკარგულს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია სოფლებში: ობჩა, დიმი, წილეთხევი, ფერსათი, ნერგეეთი, შუბანი და ზეგანი. ასევე, ქვათაცვენების და ნაპირგარეცხვითი პროცესების წარმოქმნა-გააქტიურება მოსალოდნელია ბაღდათი-ზეკარის მშენებარე საავტომობილო გზის გასწვრივ მდ. ხანისწყლის და მისი შენაკადების ხეობებში გამავალი საავტომობილო გზების გასწვრივ; ნერგეეთში მეწყერი სწორედ მდინარე ხანისწყლის ნაპირზე მდებარე სახლების თავზე ჩამოწვა. მიწის მასის ქვეშ არის მოყოლილი 4 სახლი.