საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია უხუცესი მთამსვლელის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ფედერაციის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს უხუცესი მთამსვლელის ლევ (ლევონ) სარქისოვი გარდაიცვალა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს უხუცესი მთამსვლელის ლევ (ლევონ) სარქისოვის გარდაცვალების გამო. ლევ (ლევონ) სარქისოვს ნახევარ საუკუნეზე მეტი მთაში აქვს გატარებული და პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვანი მწვერვალი აქვს დალაშქრული, ზოგიერთი რამდენჯერმეც: უშბას სამხრეთ და ჩრდილოეთ მწვერვალები – 4 710 მ და 4 676 მ; ჩატინი – 4 318 მ; იალბუზი – 5 642 მ. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებული ხუთივე შვიდიათასიანი მწვერვალი/
ყველაზე მნიშვნელოვანი კი მის ალპინისტურ კარიერაში დედამიწის უმაღლესი მწვერვალი, ევერესტია (8848 მ), რომელიც მან 1999 წელს ექსპედიცია “კავკასია-99”-ის წევრებთან ერთად დაიპყრო. ამასთან იგი იმ დროს 60 წლის და 161 დღის იყო და როგორც მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ევერესტის დამლაშქრავი, გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდა.
ლევ (ლევონ) სარქისოვი “ედელვეისის ორდენისა” და ღირსების ორდენის კავალერი და “თოვლის ჯიქის” ტიტულის მფლობელია,“ – ვკითხულობთ ინფორმაციაში.