“რა ბრალდებებიც გაისმა, ყველაფერი ტყუილია, ვინც ჩემზე რაღაცეებს ლაპარაკობს, უთხარით, სიცრუეს თავი დაანებონ”– აცხადებს “ამბები.ჯი”–სთან მევახშე დარეჯან დვალი,რომელიც “ტვპირველის” ინფორმაციით უამრავ უძრავ ქონებას ფლობს.
“ქონებას მითვლიან, 6 სახლიო, 7 მიწის ნაკვეთიო, და ვაიმე, დედა, რა ვქნა, 6 დედმამიშვილიც მყავს და ვერ გავწყვიტავ ვერც მათ და ვერც მათ შვილებს?! ყველას მე ვპატრონობ და ძალიან ბევრი გაჭირვებული მყავს – რძალმა შვილები მიატოვა, რომლებიც მე უნდა გავზარდო, ვუპატრონო და ამის გარდა, გაჭირებული კიდევ მილიონი მყავს. ვინ მაღალჩინოსანი მფარველობს, ვუი, ვუი, დამანებეთ თავი, არ გამაცინოთ, კანონია ჩვენი მფარველი! ცუდად ვარ და ისე ნუ იზამთ, უარესად გავხდე” – ამბობს დარეჯან დვალი.
„ტვ პირველის“ ცნობით, იპოთეკარი, რომლის გამოც, ხატიაშვილების ოჯახი გამოასახლეს, დარეჯან დვალია. ამავე ინფორმაციით, 68 წლის კერძო იპოთეკარი თბილისში 6 ბინის მფლობელია, მის სახელზეა რეგისტრირებული საჩხერის რაიონში 7 მიწის ნაკვეთიც.
მარინა ხატიაშვილი თავისი ოჯახის გამოსახლებას კორუფციულ გარიგებას უკავშირებს. მისი თქმით, „მევახშეს სახელმწიფო იცავს“.