თეონა ჯიქია, რომელიც ამერიკაში მეხუთე წელია ტაქსისტად მუშაობს, სოციალურ ქსელში გამომწერებს სხვადასხვა თავგადასავალს უზიარებს.
ბლოგერი “პრაიმტაიმის” მკითხველს თავის თავზე უყვება, რატომ გადაწყვიტა ამერიკაში წასვლა და ცხოვრების ნულიდან დაწყება.
თეონა ჯიქია: ღუდუშაურის კლინიკაში უმცროს ექიმად შვიდი წელი (მეან-გინეკოლოგ ზაზა სინაურიძესთან) ვიმუშავე. პაციენტებიდან გამომდინარე, ჩემთვის სტრესული სამუშაო იყო. სხვადასხვა სფეროში აღმოვჩნდი. კომპანიებთან დირექტორის პოზიციაზეც მითანამშრომლია. ბუღალტერიაც შევისწავლე, ჩემი ბუღალტერი მეგობრებიც კი გაოცებულნი დარჩნენ ჩემი ახალ აღმოჩენილი უნარით. გორის სამხედრო ჰოსპიტლის მთავარი ბუღალტერი გახლდით. თბილისში, კიბერუსაფრთხოების ბიუროს მთავარი ბუღალტერიც ვიყავი, შემდეგ მეგობრებმა კერძო ბიზნესში მიმიწვიეს და უცხოური კომპანიებთან მუშაობის დიდი გამოცდილება მივიღე. ვითანამშრომლე “ოქროს ზარაფხანასთან”, “გარდენია შევარდნაძესთან”…
2018 წელს რატომ ჩამოვედი და რატომ დავრჩი ამერიკაში, ამას თვითონაც ვერ ვხსნი. ალბათ, ეს ასე უნდა ყოფილიყო. ეს ის ძალებია, ბედ-იღბალთან მიმართებაში რომ მუშაობენ, რომელსაც ჩვენ ვერ განვაგებთ….
თბილისში, დიდუბეში ვცხოვრობ და ამერიკაში გამომგზავრებამდე, დილაობით, სტადიონზე ვვარჯიშობდი ხოლმე. ვარჯიშის დროს კი ხშირად წარმოვიდგენდი, რომ ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში გავხდი ტაქსის მძღოლი და ვმუშაობ. მგზავრები მომიყვებოდნენ ისტორიებს, მე ამ ისტორიებს ბლოგის სახით დავწერდი და ბოლოს ფოტოს გადავუღებდი. და ჩემს ბლოგს მათ ფოტოებსაც (ბუნებრივია, ნებისამებრ) დავურთავდი.
მოკლედ, ამერიკაში ტაქსის მძღოლად მუშაობის ფიქრები კოსმოსში ისე მძლავრად გავუშვი, რომ დღეს ამ რეალობის წინაშე ვარ. ხალხი იახტებზე ოცნებობს და მე ასეთი გიჟური ოცნება ამიხდა. არავის სჯერა, რომ ასეთი ავანტიურისტი შეიძლება ვიყო ცხოვრებაში – მივატოვო ძალიან კარგად აწყობილი ცხოვრება, 44 წლის ასაკში გავანულო და ამერიკაში ჩამოვიდე, დავიწყო ყველაფერი თავიდან. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესოა, თავგადასავლებია. ეს ჩემი ცხოვრების წიგნის ერთ-ერთი თავია.