“ახლა ძირითადად ცირკულირებს „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი. ეს არის ვირუსი, რომელმაც 2009-2010 წლებში გრიპის პანდემია გამოიწვია და ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსად გადაიქცა. ცოტა არის H3 ვირუსიც. H3N2 – ესეც პანდემიური ვირუსი იყო 70-იან წლებში და იმის შემდეგ ჩვეულებრივი ვირუსია”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
“რა თქმა უნდა, არის რესპირატორული ვირუსი, რომელიც შეიძლება, ბავშვებში საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდეს, არის ცოტა რინოვირუსიც. ქვეყანაში დაახლოებით 21 ვირუსზე გვაქვს მეთვალყურეობა. ყოველკვირეულად ვაგროვებთ მონაცემებს. ასე რომ, ჩვეულებრივი სეზონია. რაც იყო შარშან, შარშანწინ. იქ ემატებოდა კორონა. ახლა კორონას შემთხვევები ჯერჯერობით ცოტაა. ბავშვები, რომლებიც ადრე არ შეხვედრიან ამ ვირუსებს, ახლა ხვდებიან და ავადობენ. ჯანმრთელი ბავშვი წელიწადში ექვსჯერ, ათჯერ შეიძლება, გაცივდეს”– აცხადებს იმნაძე.