2002 წლის 24 ივლისს, წყნეთში, 15 წლის მარიამ გოგინაშვილი გაიტაცეს. გატაცებიდან ორ დღეში ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ეს საქმე გაუხსნელი დარჩა, მარიამი დაკარგულად მიიჩნიეს. მას ინტერპოლი ეძებდა და მსოფლიოს მასშტაბით უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულად ითვლება.
არასრულწლოვანი გოგონას გატაცების საქმე იმ პერიოდში ძალზედ გახმაურებული იყო და იმდენად აქტიურად შუქდებოდა მედიით, რომ შესაძლოა, საზოგადოების დიდ ნაწილს დღემდე ახსოვდეს საქმის დეტალები.
ბურუსით მოცულ საქმეს ერთადერთი თვითმხილველი ჰყავდა: მზესუმზირის გამყიდველი ქალი.
ის ამბობდა, რომ ბავშვი, რომელიც წყნეთში, საკუთარ უბანში მდებარე მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად წავიდა, გამტაცებლებს საკუთარი ნებით ჩაუჯდა მანქანაში. ამ ფაქტმა საქმის მოწმეს გაუჩინა ეჭვი, რომ დამნაშავეები ბავშისთვის უცხოები არ იყვნენ.
გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, თვითმხილველმა აღნიშნა, რომ ბავშვს მათი დანახვა გაუხარდა კიდეც. თუმცა ვერ გაიხსენა ავტომობილის ნომერი და ვერც კრიმინალების სახე აღიდგინა.
მოზარდის გატაცებიდან მეორე დღეს გამტაცებლები ტელეფონით დაუკავშირდნენ გოგინაშვილის მამას და გოგოს გათავისუფლების სანაცვლოდ 100 000 დოლარი მოითხოვეს. მოლაპარაკებების შედეგად, თანხა 70 ათას დოლარამდე შემცირდა.
გოგონას მამამ 27 ივლისს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, დათქმულ ადგილზე ფული მიიტანა, თუმცა დამნაშავეებმა პირობა არ შეასრულეს, მძევალი არ გაათავისუფლეს და გატაცებულის ოჯახსაც აღარ დაკავშირებიან.
როგორც ცნობილია, მარიამ გოგინაშვილის მამა მხედრიონელი იყო, იმ დროისთვის ძალოვან სტრუქტურებში გავლენიან პოზიციაზე მუშობდა და მატერიალურად უზრუნველყოფილი ოჯახი ჰქონდა.
მაშინ გამოითქვა ვარაუდი, თითქოს ბავშვის გატაცება მის მხედრიონელ მამაზე შურისძიებას უკავშირდებოდა.
გავრცელებული ვერსიით, გაუჩინარებული გოგოს მამამ გამტაცებლებს ორჯერ გადაუხადა სოლიდური თანხა. თუმცა, სინამდვილეში სულ სხვა პირები სარგებლობდნენ მომხდარით და რეალური გამტაცებლები ოჯახთან კონტაქტზე არც არასოდეს გამოსულან.
კულუარულად ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომლის მიხედვითაც, გოგინაშვილი თითქოსდა ძმებმა აფრასიძეებმა გაიტაცეს.
2006 წელს საგამოძიებო ორგანოებმა აფრასიძეების საქმისა და კახა კალაძის ძმის, ლევან კალაძის გატაცების კონტექსტში მარიამ გოგინაშვილის გატაცების ვერსია ოფიციალურად გამოთქვეს.
სვანეთში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მაშინდელმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა განაცხადეს, რომ სამარხში აღმოჩენილი რვა გვამი აფრასიძეების მოქმედების შედეგი იყო.
მაშინვე გავრცელდა ვერსია, რომ ერთ-ერთი მათგანი მარიამ გოგინაშვილის გვამი იყო. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უარყო ეს ინფორმაცია – დადგინდა, რომ ეს ცხედრები 19-ე საუკუნის დროინდელი იყო.
მაშინვე გაჩნდა მოსაზრება, რომ იმდროინდელი ხელისუფლება ამით აფრასიძეების ოჯახში ჩატარებული ხმაურიანი სპეცოპერაციის გამართლებას ცდილობდა.
აფრასიძეების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ვლადიმერ მურავიოვი, რომელიც აფრასიძეების ოჯახში მუშა იყო ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით ნახა გაუჩინარებული გოგონა სვანეთში, აფრასიძეების სახლში.
მას შემდეგ, რაც „ვარდების ხელისფლება“ შეიცვალა, მურავიოვმა სამართალდამცავ უწყებას აღიარებითი ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ თავის დროზე იცრუა. მას არც გოგინაშვი და არც კალაძის ძმა უნახავს აფრასიძეებთან.
სამწუხაროდ, ეს საქმე დღემდე გამოუძიებელია.
წყარო: “დაიჯესტი”