მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად ცოფისგან ათასობით ადამიანი კვდება. ამ შემთხვევების უმრავლესობა ისეთ ქვეყნებშია, სადაც სამედიცინო მომსახურებასა და ვეტერინარიულ დახმარებაზე მოსახლეობას შეზღუდული წვდომა აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ცოფთან ბრძოლის წარმატებული პროგრამა 3 კომპონენტისგან შედგება: მოსახლეობის ჩართულობა, ამ პრობლემასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ცხოველთა მასობრივი ვაქცინაცია, ასევე ცხოველის მიერ ადამიანის დაკბენის, დაკაწვრის ან დანერწყვის შემთხვევაში სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა. დღეს უკვე განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა ცდილობს, რომ 2030 წლისთვის ცოფისგან ადამიანის სიკვდილიანობის მაჩვენებელი განულდეს. თუმცა ეს შედეგი ზოგიერთ ქვეყანაში უკვე მიღწეულია. მაგალითად, გერმანიაში ბოლო 20 წლის განმავლობაში ცოფის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ცოფი მეოცე საუკუნის გადმონაშთია?
არა. ცოფი ადამიანისთვის ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყო ცნობილი. ეს დაავადება სხვადასხვა უძველეს წიგნშია აღწერილი. ჯერ კიდევ ეგვიპტურ პაპირუსებში, ინდურ ვედებში, ბერძნულ და რომაულ წერილობით წყაროებში, შემდეგ კი ბიბლიაში აღწერილია ცოფი, რომელიც ადამიანებს ამ ვირუსით დაავადებული ცხოველისგან (ის შეიძლება იყოს როგორც შინაური, ასევე გარეული) გადაეცემა. დაავადების მიზეზია ცოფის ვირუსი. მისი გამომწვევი კი არის ნეიროტროპული ვირუსი, რომელიც რიბონუკლეინის მჟავას შეიცავს. მას მცენარესა და ცხოველზე ზემოქმედება, შესაბამისად, მათი დაავადება შეუძლია.
ცოფი რა არის?
ცოფი ადამიანისა და ძუძუმწოვარ ცხოველთა მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადებაა. მას ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე, შეუქცევადი დაზიანება ახასიათებს და პროგრესული ენცეფალომიელიტით მიმდინარეობს. დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, შემთხვევების 100%-ი ლეტალურად მთავრდება.
ცოფი ადამიანს ავადმყოფი ცხოველის ნაკბენით, ნაკაწრით ან ნერწყვით გადაეცემა. იშვიათ შემთხვევაში ინფიცირება ხდება, თუ ცხოველის ნერწყვი ადამიანის თვალის ლორწოვან გარსში, ცხვირში ან პირში ხვდება. შეღწევის ადგილიდან ვირუსი ორგანიზმში პერიფერიული ნერვული ბოჭკოებით ზურგის ტვინს გადაეცემა, შემდეგ კი – თავის ტვინს. მომდევნო ეტაპზე ცენტრალური ნერვული სისტემის მეშვეობით დაავადება პერიფერიულ ნერვებსა და სხეულის სხვა ნაწილებს მოიცავს. პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და სანერწყვე ჯირკვლის ჩართვა კი ინფექციას აყალიბებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში ცოფისგან 59 000 კვდება. დაავადების შემთხვევების 95%-ი აფრიკასა და აზიაში ხდება. უმრავლეს შემთხვევაში კი პაციენტები ბავშვები არიან. ავადმყოფი ცხოველის მიერ ადამიანის დაკბენის შემთხვევების 99%-ი ძაღლებზე მოდის. თუმცა ცოფის ძირითად გადამტანებად ღამურები მიიჩნევიან, დაავადების მიზეზი კი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ცხოველის, მათ შორის, ენოტის, სკუნსის, მელიის, ტურის ან ზღარბის ნაკბენიც კი. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მელია ცოფის ბუნებრივი მატარებელია.
რა სიმპტომები აქვს ცოფს?
დაავადება იწყება საერთო სისუსტით, თავის ტკივილითა და მაღალი ტემპერატურით. შესაძლებელია ადამიანი იყოს გაღიზიანებული, დეზორიენტირებული, აღგზნებული, ჰქონდეს უცნაური ქცევა და ჰალუცინაციები, ასევე უძილობა. სახასიათოა ნერწყვის დიდი რაოდენობით გამოყოფა, სითხის მიღებისას კი სასუნთქი კუნთების სპაზმი. ავადმყოფს ჰიდროფობია ემართება.
ძაღლმა მიკბინა. რა ვქნა?
უპირველეს ყოვლისა, ნაკბენი ადგილი საპნით უნდა ჩამოიბანოთ. ეს პროცესი უნდა იყოს ინტენსიური და 10 წუთს გრძელდებოდეს. თუ ჭრილობა ღრმაა, სასურველია, ის საპნიანი წყლის ჭავლით ჩამოიბანოთ. საამისოდ კი შეგიძლიათ გამოიყენოთ შპრიცი ან კათეტერი. ამის შემდეგ უნდა მიმართოთ უახლოეს ტრავმატოლოგიურ პუნქტს, რადგან პროფილაქტიკური ვაქცინის ეფექტიანობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ოპერატიულად მიმართავთ ექიმს.
სასურველია, ექიმს მიაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია: ცხოველის აღწერილობა, მისი გარეგნული იერი და ქცევა, როგორ და რატომ გიკბინათ. თუ თქვენი ჭრილობა ღრმაა, ნერვული აშლილობა ან ალერგია გაწუხებთ, ფეხმძიმედ ხართ ან ბოლო 2 თვის განმავლობაში სხვა აცრა გაქვთ გაკეთებული, შეიძლება სტაციონარშიც დაგტოვონ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცრას გაიკეთებთ და სტაციონარს დატოვებთ. შესაძლოა, ექიმმა განმეორებით ვიზიტები დაგინიშნოთ, რაც საბოლოოდ 4-6 ნემსის გაკეთებას გულისხმობს.
ვაქცინაციიდან 6 თვის განმავლობაში აუცილებელია, სპირტიანი სასმელი არ მიიღოთ. გარდა ამისა, თუ თქვენ ცოფის საწინააღმდეგო აცრებს იკეთებთ, არ შეიძლება გადაღლა, შეციება ან პირიქით, ორგანიზმის გადახურება. დაავადების განვითარების სისწრაფე დამოკიდებულია ორგანიზმში შეღწეული ვირუსის რაოდენობაზე და თავის ტვინიდან ჭრილობის დაშორებაზე. ინკუბაციის პერიოდი საშუალოდ 1-დან 2 თვემდეა, იშვიათად კი 1 წელსაც გრძელდება.
დაავადების განვითარების შემდეგ მკურნალობა მხოლოდ სიმპტომატურია და სედატიური პრეპარატების მიღებას გულისხმობს, რათა პაციენტმა სიმშვიდე შეინარჩუნოს. ადამიანი, ცოფით ინფიცირების სიმპტომების გამოვლენიდან 3-10 დღის შემდეგ კვდება. ცოფის სიმპტომების გამოვლენის შემდეგ გამოჯანმრთელების მხოლოდ ერთეული ფაქტები არსებობს. უმრავლეს შემთხვევაში დაავადებულებმა იმუნოპროფილაქტიკა სიმპტომების გამოვლენამდე გაიარეს. არსებობს მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, ცოფის სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ვაქცინის შეყვანა დაავადებას უფრო ამძიმებს.
პროფილაქტიკა შესაძლებელია?
ცოფიანი ცხოველის იდენტიფიცირება მისი უცნაური ქცევით არის შესაძლებელი. ის შეიძლება იყოს აგრესიული ან დასუსტებული და პარალიზებული. განსაკუთრებით საშიშია ცხოველები, რომლებიც ღამის ცხოვრებას ეწევიან. თუ ისინი დღის სინათლეზე გამოჩნდნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა მოერიდოთ. ეს განსაკუთრებით ეხება ღამურებს, რომლებიც ცოფის შემთხვევაში უჩვეულო ბგერებს გამოსცემენ და ორიენტაციის გარეშე დაფრინავენ. მცირედი ეჭვის შემთხვევაშიც კი, ასეთ დროს ცხოველს არ უნდა მიუახლოვდეთ.
ცოფით ინფიცირების რა მონაცემებია საქართველოში?
საქართველოში ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრა წელიწადში დაახლოებით 35000– 49000 ადამიანს უტარდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 1997-2006 წლებში საქართველოში ცოფის 96 შემთხვევა დარეგისტრირდა. ამ მაჩვენებელმა 2007-2014 წლებში 42 შეადგინა. ადამიანის ცოფით დაინფიცირების მაქსიმალური რიცხვი 1996 წელს დაფიქსირდა, რაც დაავადების 21 ფაქტს მოიცავდა. 2015 წელს პირველად იქნა მიღწეული ადამიანის ცოფით დაავადების ნულოვანი მაჩვენებელი, რომელიც 2016- 2017 წლებშიც შენარჩუნდა. 2018 წელს კი საქართველოში ცოფის 2 შემთხვევა დაფიქსირდა.