საქართველოს პრეზიდენტმა ყოველწლიური ფინანსური და ქონებრივი დეკლარაცია განაახლა. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ სალომე ზურაბიშვილის სახელფასო ანაზღაურებამ 2020 წელს 66 240 ლარი შეადგინა, ანუ თვეში – 5 520 ლარი.
ამავე დეკლარაციით ცნობილი ხდება, რომ პრეზიდენტი გაცილებით სოლიდურ თანხას იღებს საფრანგეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაგროვებითი პენსიის სახით. კერძოდ, 2020 წლის განმავლობაში ზურაბიშვილს პენსიის სახით 30 380 ევრო ჩაერიცხა – თვეში 2523 ევრო, რაც თითქმის ორჯერ აღემატება პრეზიდენტის ხელფასს.
წლის განმავლობაში პრეზიდენტმა საქველმოქმედო ფონში 49 520 ლარი გადარიცხა, კონკრეტულ ქველმოქმედებებში კი 28 806 ლარი გახარჯა.
პრეზიდენტს „საქართველოს ბანკში“ გახსნილ ანაბარზე 30 000 დოლარი უფიქსირდება, société générale Paris-ის მიმდინარე ანგარიშზე კი – 62 378 ევრო.
წინა წლებთან შედარებით, არაფერი შეცვლილა სალომე ზურაბიშვილის ქონებრივი მდგომარეობის მხრივ. მას ბოლო დეკლარაციაში მითითებული აქვს 2006 წელს 160 000 დოლარად ნაყიდი სახლი თბილისში, კუფტინის ქუჩაზე, 1989 წელს შეძენილი ბინა პარიზში, რაშიც თავის დროზე 150 000 ევროა გადახდილი.