ტელეწამყვანი და მსახიობი, გიორგი გასვიანი და მომავალი ჟურნალისტი, მარიტა მელიქიაშვილი ახლახან დაქორწინდნენ. მათ ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს. წყვილის ფოტოებმა სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი და ინტერესი გამოიწვია.
გიორგისა და მარიამს ვესტუმრეთ და ფოტოსესიის შემდეგ მათთან ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ, სადაც საკუთარ გრძნობებზე გულწრფელად საუბრობენ და გვიყვებიან, როგორ დაგეგმეს ჯვრისწერა…
გიორგი:
ბევრნაირი ვერსია გვქონდა, არ დაგიმალავთ. ჯერ ვფიქრობდით, რომ ერთ მშვენიერ დღეს წავსულიყავით და დაგვეწერა ჯვარი. გაიგებდა ყველა, ერთ ფოტოს დავდებდით და ეგ იქნებოდა. შემდეგ ეს იდეა გადავთქვით, რადგან აღმოჩნდა, რომ ჩვენს მშობლებსაც უნდოდათ ჯვრისწერაზე ყოფნა და მეგობრებსაც. ნოე სულაბერიძემ რომ მიგვიწვია გადაცემაში და პირველად გამოვაჩინე მარიტა, მაშინ იქ სპონტანურად ვთქვი, ყველას გელოდებით ჯვრისწერაზე-მეთქი… და გაპარვა აღარ გამოგვივიდა. ასეთი ჩაკეტილობის გამო, მართალი გითხრათ, კიდევ უფრო რთული იყო ჩვენთვის მარტო ჯვრის დაწერა, რადგან გვინდოდა, ასეთი დიდი სიხარული და ემოციები სხვებთან ერთად გაგვეზიარებინა. გვინდოდა, ჩვენი თანაცხოვრება ჯვრისწერით დაწყებულიყო და პანდემიის დასრულებას ვერ დაველოდებოდით. გადაცემაში ერთად რომ გამოვჩნდით, იმ დღიდან მოყოლებული ამ ამბავში მთელი ქვეყანა ჩაერთო – ვგულისხმობ მოლოცვებს, სოციალური ქსელით, ემიგრანტების, ახლობლების, ნათესავების მხრიდან. ძალიან ბევრისთვის ეს ამბავი მოულოდნელი აღმოჩნდა. სახალხო მუხტი ვიგრძენით.
გადავწყვიტეთ, სპეციალურად კარგი ენერგიისა და პოზიტიური დღე შეგვერჩია და ჯვარი სვეტიცხოველში დაგვეწერა.
დღე როგორ შეარჩიეთ?
შაბათი დღე გვინდოდა აუცილებლად. პოზიტიური დღე ასტროლოგიურადაც იყო. ეს მთავარი კი არ ყოფილა, მაგრამ მთვარის მე-12 დღე გამოვითვალე და ვიცოდი, რომ პოზიტიური იქნებოდა ჯვრისწერა. ძალიან ხანგრძლივ სასიყვარულო ურთიერთობას ნიშნავს. ასევე მთვარე იყო ტყუპებში და კომუნიკაციას უკავშირდებოდა, ამიტომაც ვერ შევძელით, რომ მეგობრებისთვის არ გვეთქვა და პირბადით მოვიდა ყველა. ტაძარი არ გადაივსო, მაგრამ საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო, თუმცა დისტანციით იდგნენ. ჩვენს ჯვრისწერას ესწრებოდნენ ისეთი ადამიანები, ვისთანც ყოველდღიური და ხშირი კონტაქტი გვაქვს.
იყო აზრთა სხვადასხვაობა. ზოგი გვირჩევდა, არ დაგვედო ფოტოები და ლაივები. ჩემს სახლში მოდიოდა მოსალოცად ის ხალხი, ვისაც ისედაც ჰქონდა ურთიერთობა. არ მქონია ის შეგრძნება, რომ საშინელებას ვაკეთებდით. თავში აზრად არ მოგვსვლია, რომ ჩუმად აღგვენიშნა სადმე, რესტორანში, დახურულ წვეულებაზე. 99% დადებითი კომენტარი იყო, მაგრამ იყო რამდენიმე კომენტარი, ერთმა, მგონი, ვიდეომიმართვაც ჩაწერა, სადაც მეკითხებოდა, რატომ იყვნენ ჩემს ქორწილში ნოე სულაბერიძე, ანრი ჯოხაძე, მაკა რაზმაძე და სხვა ცნობილი სახეები. ამ ადამიანებთან ერთად მთელი წელი ვშრომობ, ერთად მოვიარეთ საქართველო და ვმეგობრობთ, თანაც, ნოე და ანრი ჩემი მეჯვარეები იყვნენ და ჩემს ქორწილში არ უნდა ყოფილიყვნენ?! შენს სახლში რატომ იყვნენ და რატომ გილოცავდნენო, ამას ვისაც მწერს, მგონი, ასეთ ადამიანებს თავში ჭკუა არა აქვთ.