„თეთრი ლანდი“, „გადაადგილებული ნივთები“, „უცნაური ხმები“… ალბათ, ზაფხულში კოცონთან მოსმენილი საშიში ამბები გაგახსენდა… დღეს სწორედ მსგავსი პარანორმალური მოვლენების შესახებ გიამბობთ.
არსებობენ თუ არა ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, რა არის პოლტერგეისტული მოვლენები და როგორ უდგება ამ საკითხს ეკლესია.
„სიტყვა „პოლტერგეისტი“ გერმანულია და ნიშნავს „ხმაურიან სულს“, ანუ სულს, რომელიც თავისი ხმაურითა და ქმედებებით ადამიანს ზიანს აყენებს. თუ ვინ არის ეს სული, ქრისტიანისთვის არ არის ამოცანა – ეს იგივე დაცემული ანგელოზია, ეშმაკი, რომელიც ადამიანის დაღუპვას დაუღალავად ცდილობს.
ამ მოვლენის დემონურ წარმომავლობაში ვინმეს ეჭვი რომ არ შეეპაროს, გავაანალიზოთ ეს მოვლენები: 1666 წლის ზამთარში მეფე ალექსი მეორეს აცნობეს, რომ მოსკოვის სამწყსოში, წმიდა იოანეს მონასტრის მახლობლად, გაჩნდა არაწმიდა სული, რომელიც უხილავად აკაკუნებს დღისით და ღამით, ყვირის არაადამიანური ხმით.
მეფემ ბრძანა, მასთან მიეყვანათ ღირსი მამა ილარიონი, რომელიც ფლობდა ძალაუფლებას არაწმიდა სულებზე. მეფის ბრძანებით, ღირსმა მამამ ცრემლითა და გულმოდგინებით შეასრულა ლოცვა, ყველას გადასახა ჯვარი.
ამის შემდეგ ხუთი კვირის განმავლობაში ლოცულობდა და ეშმაკს ებრძოდა, ყველგან ნაკურთხ წყალს ასხურებდა, რის შემდეგაც იმ ადგილიდან დემონი თანდათან გაქრა.
სრულიად დასაშვებია, რომ პოლტერგეისტის მოვლენა ჯადოქრობის, მაგიის შედეგი იყოს.
როდესაც ვინმე თავის მოყვასს შეიძულებს და სურს, მას ზიანი მიაყენოს, ის ან თვითონ აჯადოებს, ან უგზავნის არაწმიდა სულს (პოლტერგეისტს), ან ამისთვის მიმართავს „პროფესიონალ მისნებს“.
ძალიან ბევრი მაგალითია, როდესაც ასეთი მოვლენები ადამიანების სახლში იწვევს უჩვეულო ხმაურს, კაკუნს, ხშირად ამის გამომწვევ საშინელ არსებებს ხედავენ კიდეც.
ამიტომ, ამ მოვლენის აღმოსაფხვრელად და განსაქარვებლად, პირველ ყოვლისა, საჭიროა ადამიანთა ქრისტიანული რწმენა, ლოცვა, მარხვა, ეკლესიური ცხოვრება, აღსარება, ზიარება.
განსაკუთრებულ შემთხვევაში ეკლესია არაწმიდა სულების წინააღმდეგ იყენებს დიდ კურთხევაში არსებულ სპეციალურ ლოცვებს – „ლოცვა სახლსა შეგრძნებულისასა“.
ყველა შემთხვევაში აუცილებელია სახლის კურთხევა, განსაკუთრებით იმ სახლების, რომელთა პატრონები უჩივიან დემონური ძალების გამოვლინებას.
ზოგჯერ არის შემთხვევა, როდესაც ძნელდება სახლიდან ეშმაკის განდევნა.
ეს დამოკიდებულია დემონის ძალაზე, მის იერარქიულ მდგომარეობაზე, სახლის პატრონის ცხოვრების წესზე, მღვდლის პირად მადლზე, რომელიც მის ცხოვრებასთან, მარხვასთან, რწმენის სიმტკიცესთან, თავშეკავებულობასთან არის დაკავშირებული.
ასეთი გახშირებული პოლტერგეისტული მოვლენები ჩვენს საზოგადოებაში შედეგია ამავე საზოგადოების ურწმუნობისა და გარყვნილებისა, რომლის დროსაც დემონები წინააღმდეგობას არ აწყდებიან და ადვილად იპყრობენ ადამიანების სულს.
შესაბამისად, ყოველივე ეს თანამედროვე ადამიანისგან ითხოვს განსაკუთრებულ სულიერ სიფხიზლეს, ყურადღებას, საეკლესიო კანონებისა და წმიდა მამათა დადგენილების შესრულებას“,- ამბობს ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).
წყარო: “დაიჯესტი”