საზოგადოებაში, მიცვალებულის მოხსენიების წესთან და სასაფლაოზე მოქცევასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ტიპის ინფორმაციაა გავრცელებული.
ამ საკითხებთან მიმართებით, ხალხში დიდი ინტერესიც არსებობს.
მაგ., ბევრ მორწმუნეს აინტერესებს, შეუძლიათ თუ არა სასაფლაოზე მიცვალებულებს ცოცხლების მოსმენა, რადგან ბევრი მართლმადიდებლური რიტუალი არსებობს, რომლებიც ცოცხალთა სამყაროსა და მიცვალებულთა სულებს შორის კომუნიკაციას უკავშირდება.
ნაწილს მიაჩნია, რომ მიცვალებულთან კომუნიკაციის ყველაზე მარტივი გზა სასაფლაოს მონახულებაა.
სწორედ ამ საკითხებზე სასაუბროდ დაუკავშირდა „მეტრონომი“ ანჩისხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ არჩილ ხაჩიძეს
„აღნიშნული ინფორმაციების ნაწილი არის უაზრობა, ნაწილი – შეცდომა, ნაწილი კი პირდაპირ ქრისტიანობის საწინააღმდეგოა. მაგ., რაც გარდაცვლილი სულების ბოროტ სულებას გარდაქცევას უკავშირდება, ეს, ფაქტობრივად, წარმართობაა, ოკულტიზმი.
არანაირი დასტური არ გვაქვს, რომ გარდაცვლილი სული ბოროტად იქცევა და ვიღაცას აწუხებს.
გარდაცვალების შემდგომი ორი მდგომარეობა ვიცით – სამოთხე და ჯოჯოხეთი. თუ ვინმე ცხონდა და სამოთხეშია, ეს შეიძლება ვიცოდეთ, შეიძლება – არა (წმინდანების შემთხვევაში ვიცით, სხვა შემთხვევაში – არა) . მას, ვინც სამოთხეშია, შეუძლია ჩვენთვის ლოცვა, ანუ შეუძლია აქეთ დაგვეხმაროს.
როცა ვლოცულობთ, ეს ეკლესიის ერთიანობაა. როგორც ვამბობთ, არსებობს ორი ეკლესია: მოზეიმე და მებრძოლი. მოზეიმე ეკლესიაშია უკვე ცხონებული ადამიანი, იმიტომ რომ მან თავისი ცხოვრების გზა გაიარა და გაიმარჯვა, ისე იცხოვრა, სამოთხეს მიაღწია, მებრძოლი ეკლესია კი ვართ ჩვენ, ცოცხლები, რომლებიც ვიბრძვით.
მეორე მხარეს არის ის, ვინც სამოთხეში ვერ მოხვდა, ანუ ჯოჯოხეთშია. ჯოჯოხეთში თუ ადამიანის სული მოხვდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას იქით სჭირდება დახმარება, აქეთ კი არაფერი არ შეუძლია. ფსალმუნებში პირდაპირ წერია – „ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ, უფალო“. იქ მოხვედრილი ადამიანი დაშლილია. ადამიანი არც მარტო სულია, არც ხორცი, ის არამრთელია და აქედან გამომდინარე, მას არ შეუძლია, მთლიანის ნაცვლად, რამე შეცვალოს. მოგეხსენებათ, მთლიანი პიროვნება არის სულიცა და სხეულიც. ამიტომაც გარდაცვლილი სულები ვერაფერს შვრებიან. ანუ როგორც უკვე ვთქვი, მათ ჩვენ ვეხმარებით. ღმერთი გვაძლევს უფლებას, რომ სიყვარულის, ერთმანეთზე ზრუნვის კანონით, ჩვენ მათ სახელზე ვილოცოთ, მოწყალება გავცეთ და რაც მთავარია, წირვა-ლოცვის დროს მოვიხსენიოთ.
წლის განმავლობაში, საერთო მოხსენიების 7-10 დღე გვაქვს. ესენია: დიდმარხვის წინ ხორციელი შაბათი; სამი შაბათი; კვირაცხოვლობის შემდგომი სამშაბათი; პირადი მოხსენიებისა არის ადამიანის გარდაცვალების დღე, რომელი წმინდანის სახელსაც ატარებდა, იმ დღეს შეიძლება ჩატარდეს; დაბადების დღე თუკი ვიცით.
ამას ემატება ის დღეები, როცა ადამიანი თავად მოინდომებს მიცვალებულის მოხსენიებას. ეს ნებისმიერ დღეს შეიძლება მოხდეს, ჩატარდეს პანაშვიდი ტაძარში ან საფლავზე.
თუ ვინმე ერთმანეთს ვხვდებით, ვხვდებით ეკლესიაში, წირვის დროს. ამ დროსაა ყველა ცოცხალი. ბიბლიური სიტყვებია: „ღმერთი ცოცხალთა ღმერთია და არა მკვდართა“, ანუ ანუ ღვთის წინაშე ყველა ცოცხალია, რადგან სულია უკვდავი“, – განაცხადა „მეტრონომთან“ ინტერვიუში დეკანოზმა არჩილ ხაჩიძემ.
