გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აჭარაში ცვალებად მოღრუბლულობას დღესაც ელიან, ზღვაზე კვლავ შტორმი და 6 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი.
დღეს ქვეყნის მასშტაბით წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში კი თოვლი შენარჩუნდება. აჭარაში სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკაც. ზარალის დათვლა გამოდარებისთანავე დაიწყება.სტიქიის შედეგებსა და მიყენებულ ზარალზე დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ.
სინოპტიკოსების ცნობით, 29-30 ნოემბერს აჭარაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
შეგახსენებთ, ბათუმში გუშინ 7-ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. ზღვის ტალღებმა ახალი ბულვარის ტერიტორია დააზიანა. წაღებულია საფეხმავლო ბილიკის ნაწილი. დაზიანდა სანაპირო ინფრასტრუქტურა და კვების ობიექტები. შტორმი იყო ქობულეთშიც, სტიქიამ ახალ ბულვარში არსებული კაფე-ბარები და სახლის ფასადები დააზიანა. თამარ მეფის ქუჩაზე კი ეზოები და საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები დაიტბორა.
