თბილისის მაცხოვრებლების ნაწილს აწუხებს დედაქალაქში არსებული ზონალურ-საათობრივი პარკირების რაოდენობა და პარკირებასთან დაკავშირებული გადასახადები.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, „მეტრონომმა“ გადაწყვიტა, აღნიშნული საკითხის შესახებ, თბილისის მერიას დაკავშირებოდა.
ჩვენ ვესაუბრეთ საგზაო მოძრაობის დაგეგმვის სამსახურის უფროსს, სალომე შარაშენიძეს, რომელმაც ამ თემის ირგვლივ, საინტერესო და მწვავე კითხვებზე გვიპასუხა.
ამის შემდეგ, დავუკავშირდით facebook-გვერდის – „ჩემი ქალაქი მკლავს“ – დამფუძნებელს, გიორგი ჯაფარიძეს, რომელმაც ამ საკითხთან მიმართებით არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ ისაუბრა.
„ზოგადად, ეს კომპლექსური საკითხია. ჩემი აზრით, მძღოლები კი არ უნდა დავავალებულოთ ან ვაიძულოთ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადასხდნენ, არამედ უნდა შევთავაზოთ ალტერნატივა, რომელიც ამ ეტაპზე არ არსებობს.
აი, დღეს 100 000 მძღოლი რომ გადასხდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ამის საშუალება არ არის, იმიტომ რომ ეს ტრანსპორტი უკვე არსებული მგზავრების რაოდენობას ვერ უძლებს პიკის საათებში. ამიტომ მერიამ უნდა დააჩქაროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. ასევე, ზონალური პარკინგის თვალსაზრისით, უნდა არსებობდეს სივრცეები.
ამდენად, ჯერ უნდა განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკა, შეიქმნას ალტერნატივა და მერე უნდა მოწესრიგდეს პარკინგის საკითხი, ვთქვათ, გაიზარდოს მისი რაოდენობა.
რაღაცები კეთდება, მათ შორის ავტობუსის ზოლები, რომლებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ნელა ხდება. ეს პროცესი უნდა დაჩქარდეს.
აი, მაგალითად, სამგორი-ლილო და რუსთავის მიწისზედა მეტროს პროექტი რომ იყო, გაჩერდა, არ გაკეთდა. თუ სწორად მახსოვს, 70 მლნ იყო გამოყოფილი. ესეც ხომ განტვირთავდა საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მეტროს ხაზი განვითარდებოდა და მანქანის გამოყენების ალტერნატივა შეიქმნებოდა.
ამრიგად, ალტერნატივის შემდეგ უნდა მოხდეს პარკინგის გამკაცრება. ახლა რომ ვამკაცრებთ, რა ქნას ხალხმა, რომელიც საჭესთან ზის? ჯერ შეუქმენი ალტერნატივა და მერე შეზღუდე, ვთქვათ, გაუმართავი ავტომობილებით გადაადგილება.
ჩვენი მიზანია, რომ ქალაქში გაუმართავმა მანქანებმა არ იარონ, იმიტომ რომ ისინი ძალიან საზიანოა.
ამ საკითხების მოგვარებას სჭირდება დრო და ცნობიერების ამაღლება“, – განაცხადა გიორგი ჯაფარიძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.
