ბევრს სჯერა მთელ მსოფლიოში, რომ ყოველ წელს თავისი უნიკალური მახასიათებლები აქვს და ეს თითოეულ ჩვენგანზე ახდენს გავლენას. ამიტომაც, ბევრს აინტერესებს, როგორი იქნება 2024 წლის ენერგია, რას გვპირდება მომავალი წელი და რა მიმართულებით უნდა ვიყოთ შედარებით ფრთხილად:
აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2024 წელი მწვანე ხის დრაკონის წელია. დრაკონი სიძლიერის, კეთილშობილების, იღბლისა და წარმატების სიმბოლოა. მომდევნო წლის მთავარი ფერებია მწვანე და ხისფერი. იმის გამო, რომ აღმოსავლური კალენდარი თარიღების განსხვავებულ აღრიცხვას იყენებს, ახალი წელი, ყოველ წელს განსხვავებულ დროს აღინიშნება და 21 იანვრიდან 20 თებერვლამდე პერიოდში მერყეობს.
ოფიციალურად, მწვანე ხის დრაკონის წელი 2024 წლის 10 თებერვალს დადგება და იგი 2025 წლის 28 იანვრამდე გაგრძელდება. ჩინური მითოლოგიის მიხედვით, დრაკონს შეუძლია, ქარი, წვიმა გააკონტროლოს, გავლენა მოახდინოს ამინდსა და მოსავალზე და ამავდროულად, მსოფლიოს კეთილდღეობა მოუტანოს. აღმოსავლური ჰოროსკოპის სისტემაში, დრაკონი 12 ცხოველიდან, მეხუთეა. ლეგენდის მიხედვით, ის პირველი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ლიდერობა დაკარგა. ქვეყნიერების მპყრობელმა, იუ-დიმ, ცხოველთა შორის რბოლა მოაწყო, რომ მათი რიგითობა განესაზღვრა. ლეგენდის მიხედვით, დრაკონს რბოლა უკვე დასრულებული ჰქონდა და ფინიშთანაც მალევე მივიდოდა, მაგრამ წააწყდა სოფელს, რომელსაც გვალვა და შიმშილი აწუხებდა. მან ღრუბლები გაფანტა და წვიმა წამოვიდა. შემდეგ კი, უხვი ნალექის გამო, წყალი გადაყლაპა და ადამიანები გადაარჩინა. როდესაც რბოლას დაუბრუნდა, დაინახა, რომ კურდღელს მგელი მისდევდა და წინ გაუშვა, რომ თავისი ბალახისმჭამელი მეგობარი გადაერჩინა. ამიტომაც, ითვლება, რომ დრაკონი ყველაზე კეთილშობილი, დიდსულოვანი და ღირსეული მითიური არსებაა და ჩინურ კულტურაში უძლიერეს სიმბოლოს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ხე, მისი მფარველი ნიშანი, ფიზიკურ და სულიერ ზრდას განაპირობებს, ამიტომაც მომდევნო წელს თავდაჯერებულ ადამიანებს, რომლებსაც კონკრეტული მიზანი და გეგმა აქვთ, წარმატება გარანტირებული აქვთ. მწვანე ფერი კი აღორძინებასთან, ახლის დასაწყისთან ასოცირდება. მწვანე ხის დრაკონის წელი არახელსაყრელ პირობებთან ადაპტირებას, სირთულეების ღირსეულად დაძლევასა და კიდევ უფრო გაძლიერებას გვასწავლის. რაც უფრო აქტიურად შევეცდებით, განსაცდელებს გავუმკლავდეთ და ბრძოლა არ შევწყვიტოთ, წლის მთავარი სიმბოლო მით უფრო მეტ ძალასა და მოტივაციას მოგვცემს.
აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, ის წელი, რომელსაც დრაკონი მართავს, წარმატებულია, ადამიანებს კარიერული ზრდის, ოჯახური ბედნიერების, ფინანსური კეთილდღეობის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს განიცდიან. წარმატება ელის მათ, ვინც ბევრს შრომობს და საკუთარ თავზე მუშაობს, შეცდომებზე სწავლობს. დრაკონი შრომიმოყვარე და მიზანდასახულ, პატიოსან ადამიანებს განსაკუთრებით აფასებს და მათ წინსვლაში ხელს უწყობს. თუმცა, წლის განმავლობაში, შესაძლოა, ბევრი არაკეთილსინდისიერი ადამიანი აღმოაჩინოთ და გული დაგწყდეთ, იმედი გაგიცრუვდეთ, რადგანაც ბევრზე წარმოდგენა რადიკალურად შეგეცვლებათ.
დრაკონს ფინანსური ვალდებულებები არ უყვარს. ამიტომაც, 2024 წელს დიდი თანხის სესხება რეკომენდებული არ არის. არც საეჭვო გარიგებებსა და ხელშეკრულებებს უნდა დათანხმდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, წარუმატებლობა შეგხვდეთ.
როგორ შევხვდეთ მწვანე ხის დრაკონის წელს?
- დრაკონს რუტინული, ჩვეულებრივი რაღაცები არ მოსწონს. ამიტომ, უმჯობესია, თუ ბანალურ და მოსაწყენ ნივთებზე უარს იტყვით. გააფორმეთ სახლი ახალი, ნათელი დეკორაციებით. არანაირი სევდა და მოწყენილობა – შეიქმენით დადებითი განწყობა და ახალ წელს ღიმილით შეხვდით.
- მთავარია, დადებითი განწყობა შეინარჩუნოთ და მხიარულად იყოთ, იმას, სახლში აღნიშნავთ ახალ წელს, სტუმრად, თუ წვეულებაზე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
- როგორც უკვე მიხვდით, წლის მთავარი ფერი მწვანე იქნება. აღნიშნული ფერის ყველანაირი ვარიაცია შეგიძლიათ სცადოთ. ღია მწვანიდან დაწყებული, ჭაობისფრით დამთავრებული. გარდა ამისა, დრაკონის 2 ყველაზე საყვარელი ფერი ოქროსფერი და წითელია. ამიტომაც, ახალ წელთან შესახვედრად სამოსის შესარჩევად, სუფრის გასაფორმებლად თუ დეკორაციების შესაქმნელად მწვანეს, წითელს, ხისფერსა და ოქროსფერს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. უპირატესობა მიანიჭეთ ხავერდის, აბრეშუმის, ატლასის, შიფონის ქსოვილებს.
- ჯობს, ოქროს ნივთები მოირგოთ. მაშინაც კი, თუ ოქროთი დამზადებული აქსესუარები არ გიზიდავთ, მცირე დეტალი მაინც აირჩიეთ, რომ წლის მთავარი სიმბოლოს კეთილგანწყობის მოპოვება მოახერხოთ. ასევე, უპირატესობა მიანიჭეთ ოქროსფერ ნივთებს.
- დრაკონის სიმბოლო სხვადასხვა ფორმით გამოიყენეთ, ჩართეთ სუფრის გაფორმებასა და სახლის მორთვაში.
- ასტროლოგები გვირჩევენ, რომ რაც შეიძლება, გულუხვი სუფრა გავშალოთ. სუფრაზე, მინიმუმ, 12 კერძი უნდა იყოს. მათ შორის, წვნიანი, ბრინჯიანია კერძები, ფორთოხალი, მანდარინი, მწვანე ჩაი.
- ჩინური ტრადიციის მიხედვით, ახალი წლის ღამეს წითელ კონვერტში ჩადებული ფულის ჩუქება განსაკუთრებით იღბლიანია და ფინანსურ კეთილდღეობას განაპირობებს.
- გახსოვდეთ, რომ დრაკონს სასწაულების მოხდენა შეუძლია. დაგეხმარებათ, რომ მთები გადადგათ და ის საქმეებიც კი, რომლებზეც ხელი ჩაიქნიეთ, უკეთესობისკენ შემოაბრუნოთ. მთავარია, შრომა არ დაგეზაროთ.
ვის გაუმართლებს მწვანე ხის დრაკონის წელს ყველაზე მეტად?
ასტროლოგების თქმით, მომდევნო წელი ვირთხის, მაიმუნისა და მამლის წელში დაბადებული ადამიანებისათვის ყველაზე ხელსაყრელი და წარმატებული იქნება. მწვანე ხის დრაკონის წელს კი ხარის, გველისა და ძაღლის წარმომადგენლებს შესაძლოა, პირად და პროფესიულ საქმიანობაში გარკვეული სირთულეები შეხვდეთ. განსაკუთრებით იღბლიანი დრაკონის წელში დაბადებული ადამიანები იქნებიან. მათ დიდი შანსი აქვთ, რომ რადიკალური ცვლილებები გამოიწვიონ და უკეთესი ყოველდღიურობა შექმნან.
როგორი იქნება 2024 წელი აღმოსავლური ჰოროსკოპის თითოეული ნიშნისთვის
ვირთხა (1960, 1972, 1984, 1996, 2008, 2020)
იმის გამო, რომ დრაკონს ვირთხის მიმართ კეთილგანწყობა აქვს, აღნიშნულ წლებში დაბადებულ ადამიანებს ყველა მცდელობაში გაუმართლებთ და შეძლებენ, წარმატებას ბევრი მიმართულებით მიაღწიონ. შესაძლოა, 2024 წლის პირველ ნახევარში აღმოაჩინოთ, რომ თქვენი რომანტიკული და მეგობრული ურთიერთობები არ არის ისეთი, როგორიც გინდოდათ. ამიტომაც, მოგიწევთ, საკუთარ სურვილებსა და ქმედებებზე კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდეთ. თავდაჯერებულობა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ სხვების სურვილებზეც იფიქრეთ, გაეცით დადებითი ემოციები. სხვა მხრივ, თქვენთვის 2024 წელი ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელია.
ხარი (1961, 1973, 1985, 1997, 2009)
აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, ხარი და დრაკონი ყველაზე ძლიერი ნიშნები არიან, ამიტომაც მათ შორის კონკურენციაა. შესაბამისად, აღნიშნულ წლებში დაბადებულ ადამიანებს მოუწევთ, 2024 წელს სხვადასხვა სფეროში სიფრთხილე გამოიჩინონ. უფრო ზუსტად კი, ხარის წელში დაბადებული ადამიანები პირად და საქმიან ურთიერთობებში კონკურენტების გაზრდას იგრძნობენ და მოუწევთ, საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად იბრძოლონ. 2024 წელს ხარი რომანტიკის ხიბლს საბოლოოდ გაიგებს და პირადი ურთიერთობების ახალ საფეხურზე აყვანას შეძლებს. თუ უკვე ურთიერთობაში ხართ, ასტროლოგები გირჩევენ, რომ დრო უსაფუძვლო კამათსა და შუღლში არ დაკარგოთ.
ვეფხვი (1962, 1974, 1986, 1998, 2010)
მწვანე ხის დრაკონის წელი სანდო მეგობრებსა და წარმატებულ ბიზნესპარტნიორებს გპირდებათ. 2024 წელი თქვენთვის მოულოდნელობებითა და სიურპრიზებით იქნება სავსე. შესაძლოა, შემოსავლის ახალი წყაროები გამოჩნდეს და საკუთარი ოცნებების ასრულება შეძლოთ. როგორც წესი, ვეფხვები ინიციატივის გამოჩენას არ ერიდებიან და საკმაოდ აქტიური და თავდაჯერებული ადამიანები არიან. ეს კი დრაკონს განსაკუთრებით მოსწონს. 2024 წელი თქვენს ყველა წამოწყებას წაახალისებს და საკმარისი მონდომების შემთხვევაში, წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.
კურდღელი (კატა) (1963, 1975, 1987, 1999, 2011)
ასტროლოგების თქმით, 2024 წელი კურდღლისთვის შედარებით რთული იქნება. კურდღელს, როგორც წესი, აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, მგრძნობიარე, ცოტა კაპრიზული ბუნება ახასიათებს. დრაკონს კი შეუდრეკელი, მამაცი, მტკიცე ხასიათის მქონე ადამიანები მოსწონს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ 2024 წელი კურდღლის წელში დაბადებული ადამიანებისათვის უარყოფითად წარიმართება. ამ წლის განმავლობაში ბევრ რამეს ისწავლით, საკუთარ თავზე დაკვირვების შესაძლებლობა გექნებათ და მიხვდებით, რა გჭირდებათ წარმატებისთვის. წარმატება კი მთლიანად თქვენს სისხარტესა და მოქნილობაზე იქნება დამოკიდებული.
დრაკონი (1964, 1976, 1988, 2000, 2012)
2024 წლის მთავარი სიმბოლოს წარმომადგენლებს ასტროლოგები ურჩევენ, რომ თავიანთი სურვილების გამოხატვა და მიზნებისკენ ნაბიჯების გადადგმა დაიწყონ. დრაკონი ყველაფერში შემოქმედებითობასა და არასტანდარტულ ხედვას აფასებს. ამიტომაც, თქვენს იდეებს, სურვილს, რომ წარმატებას მიაღწიოთ, განსაკუთრებით დაუჭერს მხარს. გარდა ამისა, ეს წელი, შესაძლოა, თქვენთვის გადაფასების პერიოდი აღმოჩნდეს. შეიძლება, ადამიანებმა გული გატკინონ და იმედები გაგიცრუონ. თუმცა, მიხვდებით, რომ დრო წვრილმანებზე აღარ უნდა დაკარგოთ. ასე ნამდვილ ბედნიერებას ხელიდან უშვებთ და ზედმეტად ნერვიულობთ იმაზე, რაც ამდენ ყურადღებას არ იმსახურებს.
გველი (1965, 1977, 1989, 2001, 2013)
გველის წელში დაბადებულ ადამიანებს წარმატების მიღწევა შეუძლიათ, თუკი პატარა ნაბიჯების თეორიას მიჰყვებიან. თუ ყოველდღიურად თქვენი მიზნებისკენ პატარა ნაბიჯს გადადგამთ და ერთდროულად, გრანდიოზული შედეგის მოლოდინი არ გექნებათ, გაცილებით უკეთეს შედეგს მიიღებთ. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი უპირატესობები არ დამალოთ, ბოლომდე გამოავლინოთ თქვენი უნარები, გამოხვიდეთ ჩრდილიდან და არ შეგეშინდეთ აქტიურობის. დრაკონი ტრანსფორმაციისა და გაბედული ექსპერიმენტებისაკენ მოგიწოდებთ. ასე წარმატების მიღწევას აუცილებლად შეძლებთ.
ცხენი (1966, 1978, 1990, 2002, 2014)
2024 წელს ეს ბევრ ახალ ნაცნობს შეიძენთ და აღმოჩნდებით არჩევანის წინაშეც – უნდა შეუშვათ თუ არა თქვენს ცხოვრებაში ახალი მეგობრები, კოლეგები და გულშემატკივრები. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ჯობს, წინასწარ ადამიანები კარგად შეაფასოთ და დააკვირდეთ იმასაც, რა გავლენა აქვთ მათ თქვენზე. თუ ნახავთ, რომ ეს ურთიერთობები ფუჭი და ტოქსიკურია, სასწრაფოდ გაერიდეთ. ჯანმრთელობა, ნერვები და დრო მხოლოდ იმ ადამიანებზე უნდა დახარჯოთ, რომლებიც მოგწონთ.
ცხვარი (თხა) (1967, 1979, 1991, 2003, 2015)
დრაკონი აღნიშნული ნიშნის მიმართ კეთილგანწყობილია, მაგრამ ხანდახან მისი გულჩვილობა და ზედმეტად მიმნდობი ხასიათი არ მოსწონს. ამიტომაც, თუ გსურთ, 2024 წელს წარმატებას მიაღწიოთ, კიდევ უფრო მეტი სიმტკიცისა და შეუპოვრობის გამოჩენა მოგიწევთ. 2024 წელი პირად ცხოვრებაში სერიოზულ რომანსა და ქორწინებასაც კი გპირდებათ. მთავარია, საკუთარ თავს ბედნიერების უფლება მისცეთ, სიახლეების მიმართ გადამეტებული შიში მოიშოროთ და ახალი ეტაპი დაიწყოთ.
მაიმუნი (1968, 1980, 1992, 2004, 2016)
დრაკონი 2024 წელს საკუთარი თავის სრულად გამოხატვაში დაგეხმარებათ და მოგცემთ შესაძლებლობას, თქვენი უნარები ბოლომდე გამოავლინოთ. წლის მთავარი სიმბოლო თქვენს მონდომებას აუცილებლად დააფასებს და მხარს დაგიჭერთ. ამიტომაც, ბევრი მიმართულებით იღბალი და წარმატება გელით. თუმცა, მნიშვნელოვანია, პირად ცხოვრებაში შედარებით ფრთხილად იყოთ. ნებისმიერმა გაუაზრებელმა ნაბიჯმა შესაძლოა, სერიოზულ დაპირისპირებამდე მიგიყვანოთ.
მამალი (1969, 1981, 1993, 2005, 2017)
დრაკონი მამლის სიმტკიცით, ნიჭითა და შეუპოვრობით აღფრთოვანებულია, ამიტომაც, 2024 წელს ამ ადამიანებს ყველაფერში მხარს დაუჭერს და წაახალისებს. წლის მეორე ნახევარში სერიოზული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. შესაძლოა, პირად ცხოვრებაში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს და მოულოდნელად გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც თავს ბედნიერად გაგრძნობინებთ. მათ, ვინც უკვე ურთიერთობაშია, ასტროლოგები ურჩევენ, რომ მეორე ნახევარს უფრო მეტი დრო დაუთმონ, საერთო ჰობი, საქმე იპოვონ. ეს თქვენს კავშირს კიდევ უფრო გააძლიერებს და თავს ბედნიერად იგრძნობთ.
ძაღლი (1970, 1982, 1994, 2006, 2018)
2024 წელი პოზიტიურ სიახლეებსა და გამართლებას გპირდებათ. დრაკონს თქვენი პატიოსნება და თავდადება განსაკუთრებით მოსწონს. ამიტომაც, თქვენს წამოწყებებს, სიახლეების სურვილსა და განვითარებას წაახალისებს. მაშინაც კი, თუ გარემო მტრულად დაგხვდებათ, თქვენ გამარჯვების მოპოვებასა და სასურველი შედეგის მიღებას შეძლებთ. ადამიანებს დააკვირდებით და მათგანაც ისეთივე გულწრფელობასა და პატიოსნებას მოითხოვთ, როგორსაც თქვენიდან იღებენ. თუკი ვინმე შეეცდება, მანიპულაციის ქვეშ მოგაქციოთ, მალევე ამოიცნობთ და თქვენი ცხოვრებიდან გაუშვებთ.
ღორი (1971, 1983, 1995, 2007, 2019)
მწვანე ხის დრაკონის წელი ღორს კეთილშობილების, პატიოსნებისა და გამბედაობისთვის დააჯილდოებს და ბევრ წარმატებას ჰპირდება. მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ჰარმონიული ურთიერთობა გექნებათ. თუმცა, ძლიერი და ჯანსაღი ურთიერთობის დასამყარებლად, თანმიმდევრული და ტაქტიანი უნდა იყოთ, არ უნდა იქცეთ აგრესორად და არც მსხვერპლის როლში წარმოიდგინოთ საკუთარი თავი. სხვა შემთხვევაში, ურთიერთობებში იდილია გარანტირებული გაქვთ.
რას ჰპირდება ჩინური ჰოროსკოპი 2024 წელს დაბადებულ ბავშვებს
დრაკონის წელში დაბადებული ბავშვებს უსაზღვრო ენერგია და ცნობისმოყვარეობა ახასიათებთ. ისინი მშობლების, მასწავლებლებისა და უცნობების ყურადღების მიპყრობას თანდაყოლილი ქარიზმით ახერხებენ. საკუთარი თავის დამკვიდრება შესანიშნავად გამოსდით. ვერ იტანენ თვალთმაქცობას, ცილისწამებასა და პესიმიზმს. არიან ძალიან ძლიერი და გულუხვი ადამიანები. ხშირად, საკუთარი ქცევითა და შემართებით, სხვებისთვისაც მოტივაცია ხდებიან და ირგვლივ მყოფებს შთაგონებას აძლევენ.
წყარო:მშობლები