უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით, “მეტრონომმა” სინოპტიკოს დოდო გვაზავასთან ინტერვიუ ჩაწერა.
“26 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში ამინდი ძირითადად განპირობებული იქნება ამირკავკასიიდან მოქმედი შედარებით ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასებით, ამიტომ დედაქალაქში თოვა ამ კვირას მოსალოდნელი არ არის. მცირე ნალექი შეიძლება აღინიშნოს.
25 ნოემბრის ჩათვლით მაქსიმალური ტემპერატურა 12-16 გრადუსის ფარგლებში იქნება, 26-ში კი მკვეთრი მომატებაც კი ჩანს 18 გრადუსამდე. ღამის საათებში კი ძირითადად, 4-5 გრადუსია მოსალოდნელი” – აღნიშნა “მეტრონომთან” დოდო გვაზავამ.
სინოპტიკოსმა ჩვენთან ასევე ისაუბრა მოიმატებს თუ არა ტემპერატურა მთელი ქვეყნის მასშტაბით:
“ასევე შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობსა და ბარში ამ კვირის განმავლობაში თოვა მოსალოდნელი არ არის. დასავლეთ საქართველოს რაც შეეხება, აქ გამოდარება იწყება ხვალ დღის მეორე ნახევრიდან და გრძელდება 23 ნოემბრის პირველ ნახევრამდე. ამ პერიოდში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. 23 ში კი კვლავ განახლდება წვიმა და მაღალ მთაში თოვლი.
24-დან 26 ნოემბრის ჩათვლით უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 17-22 გრადუსია მოსალოდნელი.
იმ კვირას ცოტა აქტიურდება შავი ზღვის ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასები, რაც ნალექის მომასწავლებელია, მაგრამ დაბლობსა და ბარში ითოვებს თუ არა ეს უფრო ზუსტად ორშაბათიდან გვეცოდინება” – განაცხადა მან.
