წლებია, მსახიობი ანა მჭედლიძე “ჩემი ცოლის დაქალებში” თამუნას როლს ასრულებს. სერიალის ბოლო ეპიზოდებში, მაყურებლებისთვის თამუნას ცვლილება განსაკუთრებულად თვალში საცემი გახდა და დიდი მოწონებაც ხვდა წილად მის მტკიცე ხასიათს…
– ანა, სერიალის ახალ სეზონზე როგორ თამუნას ელოდი?
– სცენარი სულ სიურპრიზებითაა სავსე. ახლა დადებითი მოლოდინი მქონდა: ვიცოდი, ჩვენს “ხაზში” რაღაც საინტერესო მოხდებოდა, თუმცა კონკრეტულად – რა, არ ვიცოდი…
– მუშაობა ახლა უფრო იოლია თუ წინათ უფრო გიმარტივდებოდა?
– წინათ, ჩვენს სცენებში სულ მხიარულება იყო. ახლა ცოტათი დაძაბულობა “შემოვიდა”. მუშაობა მაშინაც სასიამოვნო იყო და ახლაც ასეა. ჩემი პერსონაჟის გარდასახვა ეტაპობრივად, ნელ-ნელა მოხდა: თენგო რუსეთში წავიდა, შემდეგ ჩამოვიდა, შეცვლილი თამუნა დახვდა…
– როგორ ფიქრობ, რა აიძულებს თამუნას, რომ თენგოსთან ერთად იცხოვროს?
– რა თქმა უნდა, თავდაპირველი გრძნობები, რაც ამ წყვილს ერთმანეთის მიმართ ჰქონდა, აღარ არის: თენგო და თამუნა გაიზარდნენ, რაღაცები გადააფასეს… მგონია, თამუნა ღირსეული ქალია და თენგოსთან თანაცხოვრებას ღირსეულად აგრძელებს. თან, ჯერჯერობით, დამოუკიდებლად ცხოვრებას ვერ ახერხებს. თენგოც არ არის ცუდი ადამიანი, რომ თამუნა მის პიროვნებას ვერ იტანდეს. ჩემს გმირს ქმარი ისეთი უყვარს, როგორიც არის. ვიცით, თენგო როგორც ჯაჯღანებს, მაგრამ ეს მისი საუბრის მანერაა, გადმოცემის ასეთი უნარი აქვს. ხომ ვხედავთ, მაგალითად, ბატები როგორ უყვარს, მათ შესახებ როგორ საუბრობს, არა? კეთილი გული აქვს… წინასწარ პროგნოზირება რთულია, მაგრამ თამუნა კარგი გოგო მგონია (იღიმის).