ნიკოლოზ წულუკიძემ ჟურნალ OK!-სთან შვილის გარდაცვალებასა და ამ ტრაგედიის შემდეგ ცხოვრების გაგრძელებაზე ისაუბრა:
“ფიქრი გეხმარება. ყველაზე მეტად მიყვარს ფიქრი. ფიქრით შემიძლია გავაუმჯობესო ჩემი თავი. ფიქრით შემიძლია შევიცნო ადამიანი და მივიღო ისეთი, როგორიც არის. როცა ეს ამბავი დამემართა და გამოვედი ქუჩაში… ადგილიც მახსოვს – იპოდრომი. მაისი იყო, მზიანი ამინდი. გოგო და ბიჭი ბადმინტონს თამაშობდნენ, შეყვარებულები ხელჩაკიდებული მიდიოდნენ, ვიღაც ბავშვს ასეირნებდა ეტლით და ბავშვის წვივი ჩანდა. ალბათ, კიტას ასაკის იყო. იქ დავიჭირე კითხვის ნიშანი ჩემს თავში…
მე ჯერ იმისთვისაც არ ვარ მზად, სასაფლაოზე ვიარო. მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ, თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს. ვალდებული ვარ, ვიდგე იმისთვის, რომ მერე სხვა წამოვაყენო.
რამდენიმე დღის წინ ნეაპოლში ვიყავი ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ… იმ დროს, როცა სტადიონზე გამარჯვების ემოციები დუღდა, მე არ მქონდა შიგნით ხალასი აღფრთოვანების ემოცია… დრო უნდა, ალბათ. ან დრო ვერაფერს შეცვლის.
სესილიასთან [შვილთან] ერთად მთელი საქართველო მაქვს მოვლილი. ყველგან დამყავდა. როცა ოჯახში ასეთი ამბავი ხდება, ბავშვები უცებ იზრდებიან. სესილია ძალიან გაიზარდა. ის უფრო ზრუნავს ახლა ჩვენზე. სერიოზული გოგოა, მას პატივი უნდა სცე, ენის მოჩლექით ვერ დაელაპარაკები. გარდა იმისა, რომ მიყვარს, პატივს ვცემ საოცარი პიროვნული თვისებების გამო. ჩვენ მეგობრები ვართ” – თქვა ნიკოლოზ წულუკიძემ.
ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში რამდენიმე თვის წინ დიდი ტრაგედია დატრიალდა. მისი უმცროსი შვილი, 2 წლის კიტა, მაღალი სართულიდან გადმოვარდა.
წყარო: ჟურნალი OK!