როგორც ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი ამბობს, ნოემბრის თვე მარტივად გასავლელი ნამდვილად არ იქნება. შემოდგომის ბოლო თვის დასაწყისში დაძაბულობა და არასტაბილურობა მოიმატებს, რასაც დაემატება შესაძლო ინფექციურ-ვირუსული აფეთქებები. ასევე, არანაკლებ დისჰარმონიულია პერიოდი პირადი და საქმიანი ურთიერთობებისთვისაც. გაუგებრობები და ორაზროვანი სიტუაციები უარყოფითად აისახება არა მარტო სასიყვარულო და საოჯახო, არამედ ბიზნესკავშირებზეც და ზიანს მოუტანს სტაბილურობას. ხოლო, თუ როგორ განვვლოთ ეს თვე მშვიდად და დანაკარგების გარეშე, როდიდან დგება ასტროლოგიურად ჰარმონიული პერიოდი და რა უნდა გავითვალისწინოთ კონკრეტულ დროს, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ბატონო მიხეილ, როგორი იქნება შემოდგომის ბოლო თვე და ასტროლოგიური გათვლით, რა სიურპრიზებს გვიმზადებს ნოემბერი?
– ნოემბრის დასაწყისი დაძაბული და მშფოთვარე აღმოჩნდება. 12 რიცხვამდე გაგრძელდება არასტაბილური და დამღლელი პერიოდი, რამაც, ყველაფერთან ერთად, შესაძლოა, გააძლიეროს ვირუსულ-ინფექციური დაავადებების აფეთქებები. განსაკუთრებით ნეგატიური აღმოჩნდება 1-10 ნოემბრის შუალედი, როდესაც გართულდება ურთიერთგაგება როგორც პირად, ისე ნებისმიერ სხვა სფეროში. ამ დროს პოლიტიკურ არენაზე მოსალოდნელია არა ერთი სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტი, დაპირისპირება, საომარი მოქმედება. უნდა ვივარაუდოთ ტექნოგენური ავარიების დიდი ალბათობაც. ყოველივე ამან შეიძლება, მნიშვნელოვნად დაამუხრუჭოს სადავო საკითხების მშვიდობიანი გზით დარეგულირება. შედეგად, არაა გამორიცხული სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტების მასშტაბების ზრდა. ასევე, არანაკლებ დისჰარმონიულია ეს პერიოდი პირადი და საქმიანი ურთიერთობებისთვისაც.
– რაში აისახება ეს დისჰარმონია და რას გვირჩევთ, რომ ეს პერიოდი მშვიდად, კონფლიქტების, დაპირისპირებებისა და დანაკარგების გარეშე გავიაროთ?
– გაუგებრობები, ურთიერთპრეტენზიები, ორაზროვანი სიტუაციები უარყოფითად აისახება არა მარტო სასიყვარულო და საოჯახო, არამედ ბიზნესკავშირებზეც, რაც ზიანს მოუტანს კეთილდღეობასა და სტაბილურობას. ამიტომაც, ამ პერიოდში არაა რეკომენდებული რაიმე ახლის წამოწყება, ურთიერთობების გარჩევა. უმჯობესია, დროებით გადაიდოს ყველა მნიშვნელოვანი საქმე, გარიგება, თუ საპასუხისმგებლო მოლაპარაკება.
– როდიდან არის სავარაუდო სიტუაციის დასტაბილურება-დამშვიდება?
– მეტად მშვიდი აღმოჩნდება 12-იდან 20 ნოემბრამდე დროის მონაკვეთი. ამ დროს, შესაძლებელი იქნება, რთულ პერიოდში გამოლეული ძალების აღსადგენად აუცილებელი ახალი შესაძლებლობებისა და რესურსების აღმოჩენა. 8 რიცხვიდან პლანეტა ვენერა შეაბიჯებს თავის სახლში – სასწორის ზოდიაქოში. 10 ნოემბრიდან პლანეტა მერკური დატოვებს მორიელის ზოდიაქოს. საბოლოოდ კი, დედამიწის ბიოსფეროს ნეგატიურ მდგომარეობას დაბლოკავს მზე, რომელიც 13 ნოემბრიდან დაასრულებს მორიელის ნიშანში ახალმთვარეობასთან და პლანეტა ურანთან ჭიდილს. ამ, ასე თუ ისე, პოზიტიურ პერიოდში გაადვილდება ადრე წარმოქმნილი კონფლიქტების დარეგულირება, უთანხმოებების განეიტრალება. გარდა ამისა, ყველას გაუძლიერდება ინტუიცია, რომლის კარნახით მოქმედება ხშირად რაციონალურ აზროვნებაზე მეტად ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს.
– თვის შუა რიცხვებიდან სტაბილური პერიოდი იწყება?
– დიახ, 16 ნოემბრიდან პლანეტების ძლიერი დადებითი ვიბრაციები საშუალებას მოგვცემს, ვიგრძნოთ აღმაფრენა, გამოვავლინოთ საუკეთესო თვისებები, ნიჭი და უნარები. ამ მხრივ, ყველაზე წარმატებული 17-20 რიცხვის შუალედია, როდესაც შესაძლებელი იქნება როგორც პირად და საქმიან, ისე საზოგადოებრივ, საერთაშორისო და სამხედრო-პოლიტიკურ არენაზე რიგი შეთანხმებების მიღწევა. ამ დროს გაფორმებული ხელშეკრულებები და ხელმოწერილი საბუთები სასიკეთო შედეგს გამოიღებს, რადგან ყველა მხარე პასუხისმგებლობით მიუდგება საკითხებს და შეასრულებს თავის დაპირებას.
– და ამგვარი დადებითი ტენდენცია ნოემბრის თვის ბოლომდე გაგრძელდება?
– ამგვარი დადებითი ტენდენციები და პერიოდი 25 რიცხვამდე გაგრძელდება. 25 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე დროის მონაკვეთში კი კვლავ იჩენს თავს არასასიამოვნო ტენდენციები. თუმცა, ამჯერად მათი ნეგატიური ძალა შესუსტებული იქნება და ნაკლებ ზიანს გამოიწვევს.
წყარო:თბილისელები