ლექტორი, გიორგი ცერცვაძე, რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის, მკვლელობას სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
„მინდა წარმოვიდგინო, როგორ და რატომ მოკლეს.
ეგრე მგონია, რომ შიში ვერ შეატყვეს. ალბათ რაღაცა უხეშად და ურჯუკადაც უთხრა. შიდა ქართლში როგორც იციან, ისე. უკან არ დაიხია. არ წახდა.
პოპულარული პოლიტტერმინოლოგიით – გააღიზიანა.
ოთხოზორიაც ეგრე იყო – რამდენს ბედავთ ჩემს მიწაზეო – ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები.
ტატუნაშვილიც- ნუ დადიხარ ბიჭო იქითო, ნაბრძოლი ხარო და შარს გადაეყრებიო. ამან – მეტიც არ მინდა რამე მითხრანო.
მაგაზე ამბობდა გენერალი კვინიტაძე, ეს ის ფესვია, რომელსაც კლავდნენ და არ კვდებოდაო.
დილეგში დასნეულებულმა ირაკლი ბებუამ რომ ატეხოს ეხლა დაჟანგულ რკინის კარზე ბრახუნი: გამომიშვით, რასაც გინდათ იმას ვიზამ, ჩავწერ ვიდეოს, რომ შევცდი, მაპატიეთ, თუ გინდათ აფახაზურ დროშას დავუჩოქებ და ვაკოცებ ოღონდ გამიშვითო. რას იზამენ?
დარწმუნებული ვარ გამოუშვებენ. შეიძლება არც. არ ვიცი.
მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, რომ არ ატეხს.
აი ეგ არი საქართველო.
მაგრამ ისიც საქართველოა, რომ არც ის, ვინც სათავეშია და არც ის, ვისაც იქ მოსვლა უნდა – აზრზე არაა არც ამ ქვეყნის წარსულის, არც აწმყოსი და არც მომავლის.
ერთი იძახის, ჩემი ბრალი არაა სხვისი ბრალიაო და მეორე მიტინგს მართავს. მდუმარეს.
და რაც მთავარია, არავინ აზრზე არაა რა უნდა გააკეთოს.
არადა შეიძლება გაკეთება. ზუსტად ვიცი შეიძლება.
ყველაფერი მაინც ძალიან კარგად იქნება.
და როცა კარგად იქნება, თამაზ გინტურს კაცად გაიხსნებენ. მის სახელს კირბალში სკოლას დაარქმევენ. ან ქუჩას.
60 წლის ჩვეულებრივი ქართველი კაცი უცებ დიდ წინაპრად იქცა.
აი ამიტომ გამოვა ყველაფერი“, – აღნიშნულია პოსტში.