ბათუმში დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს რეჟისორი გიორგი გოგიბერიძე. გიორგის მიერ დაარსებული “ბიაფის” ფარგლებში, ხავერდოვან სეზონზე, ბათუმს მართლაც მსოფლიო დონის კინო ხელოვანები სტუმრობდნენ და შავი ზღვისპირა ლამაზი ქალაქის კულტურულ ცხოვრებას ეცნობოდნენ.
48 წლის ხელოვანი, ბოლო ერთი წელი, მძიმე სენს ებრძოდა.
“არც არაფერს იმჩნევდა, ვერ შეატყობდი, რამე თუ სტკიოდა და აწუხებდა. გურული იუმორით უყურებდა ყველაფერს. დოკუმენტურ ფილმს აპირებდა ყავის ისტორიაზე, თუ როგორ მოხვდა ყავა საქართველოში. ეთიოპიაში უნდა გავმგზავრებულიყავით და მოულოდნელად, შეუძლოდ გახდა… ძალიან მტკივნეულია ახლა ჩემთვის გიორგიზე წარსულში საუბარი. უზომოდ ვწუხვარ…”, – ამბობს ჩვენთან ზურა ცინცქილაძე.
“პრაიმტაიმთან” მეგობარს იხსენებს რეჟისორი ირაკლი კიკვაძე.
ირაკლი კიკვაძე: – მე და გიორგი კურსელები ვართ. მისი გარდაცვალება არა მხოლოდ სამეგობროს, ჩვენი ქალაქის და მთლიანად ქვეყნის ტკივილია. ბევრ საქმეს აკეთებდა. ჯერ მხოლოდ მის მიერ დაარსებულ ფესტივალზე, “ბიაფზე” მსოფლიოში ცნობილი ხელოვანები და კინემატოგრაფისტები ჩამოდიოდნენ და ეცნობოდნენ ჩვენს ქვეყანას. ამდენად ჩვენი ქვეყნის უცხოეთში წარმოჩენაში, დიდი წვლილი სწორედ გიორგი მიუძღვის.
მიმძიმს წარსულში მასზე საუბარი. მგონია, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, ვერ ვიჯერებ. გული გვატკინა ყველას…
ვერ იპოვით ვერავის, რომ მასზე გულნატკენი და ნაწყენი ყოფილიყო. სათნო და კეთილი ადამიანი გახლდათ. ყველა იცნობს, როგორც რეჟისორს და ხელოვანს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ გიორგი ხატებს წერდა ტაძრებისთვის.
მე რომ ბოლოს ვნახე მამა გაბრიელის დიდ ხატზე მუშაობდა.
ჩვენს შორის საუბარი ძირითადად გეგმებს ეხებოდა. სცენარი ჰქონდა, ფილმის გადაღებას აპირებდა. მზად ჰქონდა ყველაფერი.
პარალელურად ხატავდა, ხატებს წერდა… ხელოვნება ხომ მარადიულია, ისიც მუდმივად შრომობდა.
მძიმეა ამ ყველაფერზე საუბარი…
წყარო:პრაიმტაიმი