კაკაო – ეს გემრიელი სასმელი გავსებთ ენერგიით და გიცავთ ვირუსებისა და ინფექციისგან. კაკაო აუმჯობესებს გუნება-განწყობას.
კაკაოს ფხვნილის რეგულარული და ზომიერი გამოყენება ადამიანს სიმხნევეს მატებს, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ხელს უწყობს ძალების აღდგენას. ამასთან, კაკაოს მიღებისას ორგანიზმი გამოიმუშავებს ენდორფინსა და სეროტონინს – ჰორმონებს, რომლებიც ადამიანის კარგ განწყობაზეა პასუხისმგებელი. კაკაო, როგორც ნახშირწყლების დაბალი შემცველობის პროდუქტი, ეფექტური საშუალებაა დიეტების დროს. ამასთან, ზემოთ აღნიშნული ჰორმონების წყალობით, დიეტის დროს ადამიანი ნაკლებად გაღიზიანებულია.
კაკაო მდიდარია ფლავონოიდებით – მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნაერთებით. ფლავონოიდები ძალიან სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის: ის ამცირებს არტერიულ წნევას, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის სისტემას, ანეიტრალებს, ეგრეთ წოდებულ, თავისუფალ რადიკალებს – ჟანგბადის აქტიურ ფორმებს, რომლებიც აზიანებს ქსოვილებსა და უჯრედებს. ამის წყალობით კაკაო აბრკოლებს ანთებითი პროცესების გამო გამოწვეული დაავადებების, მათ შორის, ათეროსკლეროზის განვითარებას.
კაკაოს აქვს ნაერთი (კოკოჰოლი), რომელიც ხელს უწყობს კანის უჯრედების გამრავლებას და ზრდას, ჭრილობების შეხორცებას და ხელს უშლის ნაოჭების ფორმირებას. მიუხედავად იმისა, რომ კაკაოს აქვს უფრო მეტი კალორია, ვიდრე ჩაის და ყავას, ის არ იწვევს სხეულის წონის ზრდას. ასევე, აღსანიშნავია, რომ მისი მცირე რაოდენობაც განაყრებთ, ამიტომ თქვენ ვერ შეძლებთ ბევრი საკვების მიღებას. გახდომა გსურთ? მიირთვით კაკაო!
კაკაოსა და დარიჩინს აქვს საოცარი თვისებები, რომლებიც ებრძვიან მიკრობებს და ამცირებენ დაავადების ალბათობას, განსაკუთრებით ცივი ზამთრის თვეებში. კაკაო არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და ძალიან მდიდარია მაგნიუმითა და ვიტამინებით, რაც ხდის მას უჩვეულოდ სასარგებლოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ 40 წელზე მეტის ხართ.
რეცეპტი: 2 ჭიქა რძე, ნახევარი სადილის კოვზი კაკაოს ფხვნილი, 1 ჩაის კოვზი დარიჩინი, მეოთხედი ჩაის კოვზი პიტნა (სურვილისამებრ), მწიკვი მარილი.
მომზადება: ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ რძეში და დადგით დაბალ ცეცხლზე. აადუღეთ, თან, მოურიეთ კოვზით, რომ ყველაფერი გაიხსნას.
კაკაო კარგია, ტონუსის ასამაღლებლად და სხვადასხვა ნივთიერებით ორგანიზმის შესავსებად. გულის უკმარისობით დაავადებულთათვის კი კაკაო სასარგებლოა კალიუმის მაღალი შემცველობის გამო. როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს სასმელი ანტიოქსიდანტებსაც უხვად შეიცავს, ამიტომ არის, რომ აფერხებს დაბერებას და ახანგრძლივებს სიცოცხლეს. კაკაოს ნაყოფში შემავალი ბუნებრივი პოლიფენოლები კი ხელს უშლიან უჯრედებში თავისუფალი რადიკალების დაგროვებას, რითაც ორგანიზმს ონკოლოგიური პათოლოგიების განვითარებისაგან იცავენ. კაკაოს რეგულარული სმა აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, რადგან მასში შემავალი ანტიოქსიდანტი ფლავანოლი არეგულირებს ტვინში სისხლის მიმოქცევასა და წნევას. კაკაო და შოკოლადი სასარგებლოა მათთვის, ვისაც ტვინის სისხლძარღვებში სისხლის დაბალი ნაკადი აღენიშნება.
კაკაოს მიღება რეკომენდებული არ არის ასაკოვანი ადამიანებისა და ბავშვებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც შარდკენჭოვანი დაავადებები, პოდაგრა, კუჭის მომატებული მჟავიანობა აქვს. მისი მიღება ასევე არ არის მიზანშეწონილი ნერვული აღგზნებადობის, თირკმელების უკმარისობის, ალერგიის დროს.
წყარო:თბილისელები