ლანჩხუთის რაიონის, სოფელ სუფსაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის გიორგი გუჯაბიძე ემსხვერპლა. შემთხვევა რამდენიმე დღოს წინ მოხდა.
გიორგი გუჯაბიძე ცნობილი მთამსვლელის ბიძინა გუჯაბიძის ძმისშვილი იყო. გიორგი ყოფილი ფეხბურთელია, “გურიას” ჭაბუკთა გუნდების ღირსებას წლების მანძილზე იცავდა. როგორც ახლობლები ამბობენ, სპორტული მედიცინა აინტერესებდა. ავტომობილი ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე შეიძინა.
ბიძინა გუჯაბიძის მეუღლე მარინე ბერიძე გარდაცვლილი ახალგაზრდას შესახებ წერს:
“ჩემი სახლიდან გაგაცილე ახალი მანქანით. 10 დღე გეყო მხოლოდ სიხარულად… ჩემგან მოუფერებელო, წესიერად ვერგაცნობილო, უცებ გაზრდილო ვაჟკაცო. ბავშვი მეგონე ისევ. ისევ შენი ბავშვური ტიკტიკი მესმის. ყველაფერი წინ მეგონა ჩვენს ურთიერთობაში. მამაშენი შენზე პატარა დამხვდა. მისი თანადგომა, მისი ფეხზე დგომა ჩემი ცხოვრების ერთი საყვარელი მოტივი იყო. ყოველთვის ღირსებით სავსემ, ნახე რა ბიჭი გაგზარდა! არ ვიცი, რგორ ვნახავ დედაშენს და რას ვეტყვი ნუგეშად.
ორი ოჯახის “სანჩხვე” იყავი. შენ დარჩი მანდ სატრიალოდ, მტრის და მოყვარისთვის პასუხის გასაცემად. ნათელ გზაზე იარე, პატარა! ჩემო კულულებიანო ანგელოზო. მე კი სიცოცხლის ბოლომდე მეყოფა სანანებლად, რომ როგორც გეკუთვნოდა, ის ყურადღება ვერ დაგითმე, ვერ მოგეფერე, ვერ გადაგეფარე”.