ყველა მშობელს სურს, მისმა შვილმა კარგი განათლება მიიღოს. თუმცა ამ დროს ხშირად ავიწყდებათ, რომ ბავშვებს დრო გართობისა და თამაშისთვისაც სჭირდებათ. თანამედროვე პედაგოგიკის სპეციალისტები და ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, შაბათ-კვირას ბავშვები ნაკლებად ამეცადინონ და საჭირო დრო დაუთმონ მათ ინტერესებსა და ჰობს. ამ დროს ბავშვი ცხოვრებაში საჭირო არაერთ უნარ-ჩვევას ივითარებს და ინტერესებს იჩენს.
მართალია ბავშვი დასვენების დღეებში ზედმეტად არ უნდა დავტვირთოთ, მაგრამ მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ მათ გარკვეული დრო წიგნის კითხვას დაუთმონ. წიგნის კითხვა აქციეთ გარკვეულ რიტუალად. უქმე დღეებში ოჯახის ყველა წევრმა ნახევარი საათი მაინც დაუთმეთ კითხვას. ბავშვს თუ დამოუკიდებლად კითხვა უჭირს, აუცილებლად დაეხმარეთ მას. შემდეგ კი წაკითხულ ტექსტებზე ერთად იმსჯელეთ. შეგიძლიათ იმის მიხედვით შექმნათ ნახატები ან სახალისო კროსვორდები. ამ გზით ნამდვილად შეძლებთ, რომ ბავშვებს კითხვა შეაყვაროთ.
თუმცა ამ პროცესში არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს სწორად შერჩეული ლიტერატურა შესთავაზოთ. გარკვეულ ასაკამდე მშობელი და მასწავლებელი ჩართული უნდა იყოს წიგნის შერჩევის პროცესში, რომ პატარას კარგი ლიტერატურული გემოვნება ჩამოუყალიბდეს. შემდეგ კი მას თავად შეუძლია წიგნის არჩევა.
ჩვენ გირჩევთ რამდენიმე ავტორსა და წიგნს, რომლებიც შეგიძლიათ თქვენს შვილებს შაბათ-კვირას შესთავაზოთ. ისინი დაგეხმარებათ, კითხვა შეაყვაროთ და კარგი გემოვნებაც ჩამოუყალიბოთ.
იაკობ გოგებაშვილის „მკვეხარა ქოთანი“ და მოთხრობები
ეს სახელი და გვარი ნებისმიერი ბავშვისთვის განსაკუთრებულია, რადგან ის დედა ენასთან ასოცირდება. იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები კი ნამდვილი ეროვნული საგანძურია. ფერადი და მხიარული წიგნი საინტერესო ამბებით თქვენს პატარებს დიდ ადამიანურ სიბრძნეს შემოგაგებებს. მოთხრობებში ბავშვები გაიცნობენ კეთილ ადამიანებს, ასევე მცენარეებსა და შინაურ თუ გარეულ ცხოველებს. სწორედ ეს გმირები შეასწავლიან სიკეთეს, კეთილშობილებას, პოზიტიური ქცევისკენ მოუწოდებენ და ნამდვილად სამაგალითოები გახდებიან.
ვასო გულეურის მოთხრობები
ვასო გულეური თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საბავშვო ავტორია. მისი ავტორობით გამოცემული „ქარის მოყოლილი ზღაპრები“ კი პატარების რჩეული წიგნი.
გაინტერესებს, როგორ გაჩნდა ქარი? ან თეთრი ყვავის შესახებ თუ გსმენია? ალბათ, არც კაკლის ხის ზღაპარი იცი და არც ის ტრამვაი, პატარა ლამაზ გოგონას გულის ფანცქალით რომ ელოდებოდა ხოლმე. ვასილ გულეურის „ქარის მოყოლილი ზღაპრები“ სწორედ ასეთი ამბებით არის სავსე. თითოეული მათგანი დაუვიწყარი და ძალიან საყვარელია. წააკითხეთ თქვენს შვილებს და გული სითბოთი და სიყვარულით აევსებათ.
არ დაგავიწყდეთ ვასო გულეურის „ამბები კატა კოტოსი“, რომელიც 6-8 წლის ბავშვებისთვის იდეალური საკითხავია. ამ წიგნში თქვენი შვილები გაიცნობენ კეთილ, სამართლიან და მზრუნველი კატა კოტოს, რომელიც თან დაფრინავს. ის ვერ ეგუება უსამართლობას და სხვების ჩაგვრას.
ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობი“ და სხვა მოთხრობები
ვაჟა-ფშაველას მოთხრობები ბავშვს ჰუმანურობას ასწავლის. ალბათ ყველა თქვენგან ეცნობა ეს სიტყვები – „პაწაწა ვარ, ობოლი. ბედმა დამიბრიყვა: ცუდ დროს დავობლდი; ტანზედ მაცვია პატარა, მოკლებეწვიანი, თეთრის თვლებით მოწინწკლული თხელი ქათიბი. ჯერ რქები და კბილები არ ამომსვლია, ჩლიქებიც არ გამმაგრებია.“ „შვლის ნუკრის ნაამბობის“ გარეშე ალბათ არ არსებობს ბავშვობა, ჰოდა თქვენც გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა და თქვენს შვილებსაც შესთავაზეთ დაუვიწყარი ემოციები ამ თუ ვაჟა-ფშაველას სხვა საბავშვო მოთხრობებით.
წყარო:მშობლები