„გუშინ ჩაქვში, სოფელ გორგაძეებში (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) გორგილაძეების ოჯახში მორიგი პოლიციური გამოსახლების მცდელობა იყო, თუმცა შექმნილი მძიმე გარემოებების გამო, ეს პროცესი 1 თვით გადაიდო.
როგორც AMBEBI.GE-ს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე უყვება, იპოთეკით და ბანკით დაზარალებულთა რიცხვი დიდია, პრობლემა მასიურია და მარტო ქობულეთში 200-მდე ოჯახი ელოდება გამოსახლებას.
“ბოლო დროს, აჭარაში, კერძოდ, ქობულეთში მასიურად ჩანიშნულია გამოსახლებები – იპოთეკით და ბანკით დაზარალებულთა ოჯახებზეა საუბარი. ყველა ოჯახს ინდივიდუალური პრობლემა აქვს, ზოგს მევახშესთან, ზოგს – საბანკო სექტორთან. ბოლო პერიოდის ყველაზე საშინელი გამოსახლების მცდელობა გუშინ იყო ჩაქვში, რომელიც სხვებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ გამოსახლების მიზნით არა აღსრულების პოლიცია, არამედ შსს-ს აჭარის სამმართველო, ქობულეთის განყოფილება იყო მთლიანად მობილიზებული. საქმე იმაშია, რომ გორგილაძეები, თავის დროზე, აღსრულების პოლიციამ გამოასახლა, მაგრამ ვინაიდან ოჯახს სხვა საცხოვრებელი ფიზიკურად არ გააჩნდა (ოჯახში მძიმე ავადმყოფი და სამი მცირეწლოვანი ბავშვია), ისევ შევიდნენ მათ სახლში, რის გამოც სს საქმე სხვის საცხოვრებელ ფართში შეჭრის მუხლით აღიძრა. ეს სახლი გადაფორმებული იყო ვინმე დავით მელიქიძეზე (როგორც ამბობენ, მევახშეა), მან უჩივლა გორგილაძეს და გამოსახლება უკვე შსს-ს ფუნქციაში იყო, აღსრულებას აღარ ეხებოდა.
გუშინ, დაახლოებით 12 საათზე, გორგილაძეებთან გამოსახლების მიზნით მოვიდა პოლიციის განყოფილების მთელი შემადგენლობა და ოჯახის უფროსს – გია გორგილაძეს აცნობეს, რომ იძულებით უნდა გამოესახლებინათ. თუმცა, რამდენიც გამოსახლება დაიწყო, იმდენჯერ ოჯახის 2 წევრი ისე ცუდად გახდა, გონება დაკარგეს და საჭირო გახდა სასწრაფოს გამოძახება. მთელი დღის განმავლობაში ადგილზე იყო მობილიზებული პოლიცია, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და მოსახლეობა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების დასკვნის საფუძველზე გამოსახლება შეაჩერდა და 1 თვით გადაიდო, ვინაიდან ოჯახის ერთ-ერთი წევრი ისე ცუდად შეიქნა, მისი გადაადგილება საფრთხეს წარმოადგენდა.
გია გორგილაძემ 25 ათასი დოლარი აიღო მევახშისგან, ოჯახს ბიზნესის წამოწყება უნდოდა, მაგრამ დათქმულ დროში მან სესხი ვერ გადაიხადა იმის გამო, რომ მოულოდნელად 16 წლის გოგონა დაეღუპა.
ამ ტრაგედიას მერე პანდემია დაერთო და ოჯახი ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ახლა მევახშე 25 ათასის ნაცვლად 45 ათას დოლარს ითხოვს. ოჯახი თანახმაა, რომ სახლი 3000კვმ ფართის მიწის ფართით გაიყიდოს.
გორგილაძეების გარდა, 3 ნოემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი გამოსახლება იგეგმება – თაღლითური სქემის მსხვერპლი ზღვისპირა ტერიტორიაზე ცხოვრობს, ისიც გორგილაძეა. ასევე, იგეგმება ბეჟანიძეების ოჯახის გამოსახლებაც, რომლის ამბავიც თქვენ უკვე გააშუქეთ (მათაც 1 თვის ვადა მისცეს). ვინ მოსთვლის, რამდენია ასეთი, ეს პრობლემა მასიურია და მარტო ქობულეთში 200-მდე ოჯახი ელოდება გამოსახლებას. ძირითადად, საოჯახო ტიპის სასტუმროებზეა საუბარი.
ხელისუფლება რომ თავს იწონებს, რეგიონში ტურიზმი ჰყვავისო, ასე არ არის, საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის წელს არ იყო წარმატებული სეზონი, დიდმა სასტუმროებმა მათი ბიზნესი გადაყლაპა და წლევანდელი წლის გამო კიდევ უფრო მეტი დაზარალებული გვეყოლება. ეს ხალხი უსახლკაროდ რჩება და აჭარის მთავრობას უნდა შევახსენოთ მათი დაპირება, რომ გასცემდნენ გრძელვადიან დაბალპროცენტიან სესხებს, რათა არც საბანკო სისტემა და არც ხალხი დაზარალებულიყო. მთავრობის თავმჯდომარე რიჟვაძე დღემდე იპოთეკით და ბანკით დაზარალებულთა ჯგუფს არ შეხვედრია, განსხვავებით მისი წინამორბედისგან, რომელიც ხვდებოდა და შუამდგომლობდა მაინც ადამიანებს. ეს არაფერში ერევა, სხვა ვირტუალურ სივრცეში ტრიალებს და წყალში კუნძულს აკეთებს“.
წყარო: AMBEBI.GE