საპარლამენტო ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ახალ, ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
ის გასული საუკუნის 90-იან წლებსა და მასთან დაკავშირებულ ამბებს, მათ შორის ნივთებს, იხსენებს.
„ძველი წლების ბანაობის რიტუალი გახსოვთ? საგანგებო, უზარმაზარ ქვაბს, რომელიც არავინ იცის, თუ რისთვის იყო ჩაფიქრებული თავის დროზე, შუამდე ავსებდი – ჯერ ცხელი წყლით და მერე ცივით „ანელებდი“, სანამ გასაძლებ ტემპერატურამდე ჩააღწევდა. ისე სასტიკად მძულდა ეს საქმე, ჯოჯოხეთიც მაგდაგვარი წარმომედგინა, კუპრის ქვავებით და იქაური ფეჩით. ბებია მაინცდამაინც ეშმაკს არ ჰგავდა, მაგრამ ალბათ არც ეშმაკი ჰგავს ეშმაკს, ყოველი შემთხვევისას, იმას – წიგნებში რომ ხატავენ.
გრაფინზე აყუდებდნენ სარკეს. ამ სარკეს, მარცხენა, დაბალ კუთხეში რაღაცნაირი სიშავე ეტყობოდა, ისეთი, მხოლოდ მოხუც სარკეებს რომ აქვთ ხოლმე და სახელს ვერ დაარქმევ – მე სარკის ჭაღარას ვეძახდი. ჰოდა, ამ სარკის წინ დებდნენ ლამპას, ეგრე შუქი ორმაგდებოდა და საბანაო სცენა ჰგავდა თეატრისას, საგანგებოდ ამონათებულს.
ამის მერე, დიდი დაზარებით, მაგრამ გარდაუვალ ბედს შეგუებული, ჯდებოდი დიდ, სპეციალურ ტაშტში, რომელსაც თავის მხრივ, რიტუალის ენაზე და არამხოლოდ: ლახანკა ერქვა. ლახანკაში პატარა ჯორკო იდო, ნაცნობი სკამი, ამდენი წყლის ვლებისგან უკვე მომპალი და ხან შეიძლება, ფეხიც გაძვრომოდა – ამიტომაც მარადიული მზაობა და შესაბამისი ოსტატობა გჭირდებოდა, სავარაუდოდ დაცემისას, იოლად რომ გამომძვრალიყავი. თუმცა, დროს გამოცდილება მოაქვს, მათ შორის ლამის ორფეხა სკამზე მედგრად ჯდომის – დიდი ტექნიკაა და სხვა თაობისთვის, ვფიქრობ, რომ შეუსწავლელი.
მაჩალკა – მაგიური იარაღი, რომელიც თავის მხრივ განიყოფებოდა – დიდების და ბაღნის „მაჩალკად“.
ორჯერ ტანის გასაპნა და სამჯერ თავის – ეგ ვინ დათვალა და შედეგი გაზომა, ღმერთმა უწყის.
საპონი, სახელად 72 % – უმეტაფორო საგანია, ვერაფერს ვერ შეადარებ და ვერც იმ სასტიკ წვას შეადარებ რამეს, როცა ამ საპნის ქაფი თვალებში ჩაგდის. გაკრახმალებული პირსახოცით გამშრალება – ერთგვარი განსაწმენდელის რიტუალი, რომელიც მარტო გამშრალება როდია – რაღაც დიდი, საზღვაოსნო მოგზაურობიდან დაბრუნებული კაცის ნაპირზე გადმოსვლას უდრის.
მანამდე, ,,ლახანკაში’’ ჩასვლამდე, მამაჩემის რწმენით, ხელი წყლით უნდა დაგესველებინა და სამჯერ შუბლზე და ერთხელ კეფაზე დაგედო – გეგონება აკვალანგით ოკეანის ჯურღმულებში ჩასაყვინთად ემზადებოდი. სხვანაირად ბანაობის დაწყება აკრძალული იყო – ეს კომპულსია კარგა ხანს გამყვა და ძლივს მოვიშალე. ან ეგებ არმოშლა სჯობდა? არ ვიცი…დიახ.
ოთხმოცდაათინების შუაგულიდან ვიდრე ორიათას წლამდე და შეიძლება მერეც – გურიის და ალბათ ყველა სხვა ჩვენებური კუთხის ნებისმიერ ოჯახში, მთავარ საცხოვრებელ ოთახში, კვირაში ერთხელ, უფრო შაბათობით – ღუმელი ინთებოდა საგანგებოდ და გამორჩეულად – ყველაზე ხმელი შეშით და სწრაფ-სწრაფი, დაოსტატებული შეკეთებით. ინთებოდა ისე, რომ ლითონი ალაგ-ალაგ წითლდებოდა და ზოგჯერ იბზარებოდა კიდეც. ვედროები მოგუდული ხმით თუხთუხებდნენ. ასე, ალბათ კუპრი იხარშება ჯოჯოხეთში და ჩემთვის, როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს საზარელი რიტუალი ჰგავდა კიდეც ჯოჯოხეთს, სადაც მსოფლიოს კეთილშობილ ქალთა ათეულის აუცილებელი წევრი, ნათელა ბებია, მოულოდნელ და დაუნდობელ ლუციფერად იქცეოდა. ეგ იყო, რომ ლუციფერს ხელში სამკბილას ნაცვლად, დიდი ტოლჩა ეჭირა.
ტოლჩა, არა – მარინადი – მოვინდომე ახლა ქართულად ლაპარაკი. კრუშკა ეჭირა. კურშკა თუ კურუშკა. ზოგი ამბობდა ამ ,,უ’’-ს, ზოგი არა – ან ზოგი ზოგჯერ კი და ზოგჯერ არა.
რადგანაც შეშა ბლომად იხარჯებოდა, იმ დღეს ბანაობდა ოჯახის ყველა წევრი. იწყებოდა უმცროსით და ქალით სრულდებოდა. როცა ქალის ჯერი დგებოდა, დანარჩენი წევრები ზურგით სხდებოდნენ და ასე გაშეშებით ისხდნენ, სანამ მაგიური სიტყვები – ,, უკვე გევიმშრალე!’’ – არ გაისმებოდა.
ვედროები ცივი წყლით ღუმელთან ახლოს იდგა და დიდ ბაკში გადმოცლილ ცხელ წყალს ანელებდი. კარის შეღება ისჯებოდა სიკვდილით. არ ვხუმრობ – მე არასდროს მინახავს ამ დროს ღია კარი. თუ ვინმე სტუმრად მოდიოდა, წესისამებრ შორიდან დასჭყივლებდა:
– ზურიკო სახლშია?
– კი, მარა ტანს იბანს! – იყო პასუხი. ეს პასუხი ზოგჯერ მოტყუებითაც გაისმოდა – მაგალითად, არაბანაობის დღეებში, როგორც სხვა უმტკიცეს არგუმენტთა მსგავსი, რითაც არასასურველ მოსულს ცივად გზას უჭრიდი.
კარი ბანაობისას სულ გადარაზული იყო.
იღებოდა მხოლოდ ერთის გამშრალების დასრულებისას, მეორე წევრის განბანვის დაწყებამდე, უსწრაფესი მოძრაობით, ნაბანის გადასაღვრელად. დიდი ტაშტიდან ნაბანი წყლის გადასხმა ცალკე ოსტატობას მოითხოვდა – გადამსხმელს, თუ ისიც ნაბანევები იყო, მენინგიტი არ უნდა დამართნოდა. სველ თმას თუ სიცივე მოხვდება, მხოლოდ მაშინ გემართებოდა მენინგიტი გურიაში, კერძოდ ქალაქ ოზურგეთში, კიდევ უფრო კერძოდ ყოფილ კალანდარიშვილის ქუჩაზე. სხვაგან როგორ ემართებათ – არ ვიცი.
– კარგად მეიჟღლიმე, მეიშორე მაი წვირი, კარქათ მეიშორე! დედაა, გოო, ვერ ვასწავლე ამ ბაღანას ტანის დაბანა! მეიჟღლიმე ბებია, მოსახარში მეიჟღლიმე, მაქანე იცის ჭუჭყმა ჩაჯდომა!
– ვიჟღლიმავ! – ამოვიკვნესებდი მე.
– ძალა დაატანე ცოტა! ეიგორე მაი წვირი, ა, ასთე ეიგორე! ხელს არ მაკიდებიებ, თვარა განახებდი, რაფერც უნდა ეიგორო! – და ნათელა, საკუთარ მკლავზე ატრიალებდა მეორე ხელს მაგალითის მისაცემად, ამიტომაც მარცხენა სახელო სულ სველი ჰქონდა.
შენ ცდილობ ჭუჭყის მოცილებას ლამის კანის ქვეშიდანაც კი, მთელი ძალით, მაგრამ ნათელა უკმაყოფილოა.
– მომაკიდებიე ბებია ხელი, ერთხელ მომაკიდებიე ხელზე ხელი და განახებ, რაფერ უნდა ჭუჭყის აგორება! ნენაა, შენ ცოლს რაფერ მეიყვან!
-არ მინდა ცოლი! არ მევიყვან ცოლს არცროის!
რაი?! – იკივლა ნათელამ და კურუშკა წყალში ჩააგდო და თვითონ განზე გახტა. დავრჩი გასაპნული, თვალებდახუჭული და ჯორკოზე ექსპერიმენტულ ქანდაკებასავით მჯდარი. ჭუჭყიანი წყალი ლახანკას წელამდე წვდებოდა – აგორებული წვირი და საპნის ქაფისმგვარი ზოლები წყალმცენარეებივით დუნედ ტივტივებდნენ. ღუმელზე მომდევნოს დასაბანი წყალი დუღდა. დრო არ ითმენდა. გასაღები – ფსკერზე შავად ამოტეხილი კურუშკა, ნათელას ეჭირა და ლახანკასთან მიბრუნებას არ ჩქარობდა. იცოდა ამ საქმის ბოლო. გამოცდილი იყო.
– მევიყვან ცოლს, კლასს რავარც დავამთავრებ! – ვცრუობდი მე.
– მაი გეყოფა? ამაგორებიე წვირი! – გამარჯვებული ხმით იძახდა ნათელა.
– კაი ხო, კაი!
და ნათელა ინკვიზიტორის გულგრილობით იწყებდა ხელებზე კანის გრეხას. ოსტატურ მოძრაობებს ნიშნისმოგებით ახმოვანებს: ,,აა, უყურეფ?? სა გქონდა დატიებული, მოსახარში იცი ჭუჭყმა ჩაჯდომა, მოსახარში!’’
– თვალი ამეწვა, საპონი ჩამივიდა მგონია! – წამოვიკნავლებ მე. წესისამებრ, ასეთ დროს წყლის მიშველება უარესია – ნათელა მშრალ ტილოს მოგაწვდის და ამ დროს ძაღლის ყეფა ისმის.
– ქარმა მოარტყა ალბათ რაცხა, ამ დროიზა არავინ არ მევიდოდა ახლა! – ამბობს ნათელა და გარეთ გადის.
#წერილებიჩემიბავშვობიდან
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze“, – წერს გიორგი კეკელიძე.