96 წლის მამამთილისა და ადვოკატ ნანა ფარჩუკაშვილის ცემაში ბრალდებული რძალი ცოტახნის წინ ”პრაიმტაიმს” მომხდარის შესახებ ვრცლად ესაუბრა.
„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ოჯახის შესახებ კონფლიქტზე საუბარი საჯაროდ ნამდვილად არ მინდოდა, მაგრამ ის ცილისწამების ზღვა, რომელიც ჩვენი მისამართით წამოვიდა, უპასუხოდ არ მინდა დარჩეს. ინფორმაცია ისე გავრცელდა, რომ ვიღაც ცხოველი და მოძალადე ვარ. ამიტომ, დუმილის დარღვევა გადავწყვიტე და მოვყვები, რატომაა ჩემს ოჯახსა და მამამთილს შორის კონფლიქტი.
სახლ-კარი და მიწის ნაკვეთი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ დედამთილის საკუთრება იყო. მამამთილი ცოლის ოჯახში დასახლდა. ჩემს მეუღლეს კიდევ სამი დედმამიშვილი ჰყავდა. სამწუხაროდ, დასაოჯახებელი იყო ჩემი მული, რომელზეც მამამისი ძალადობდა და მან სიცოცხლე 66 წლის ასაკში დაასრულა, ავად იყო, ალცჰაიმერის დაავადება ჰქონდა. ყოველთვის მულსა და მამამთილს შორის ვიდექი, ხელიდან გამოვგლეჯდი ხოლმე მამას შვილს… დის გარდაცვალების შემდეგ, ჩემი ქმარი მამასთან ურთიერთობას მაქსიმალურად თავს არიდებდა. მას ვერ პატიობს დის ამ მდგომარეობამდე მიყვანას.
თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მამამთილი სრულიად მიტოვებული გვყავდა. მასზე ჩვეულებრივ ვზრუნავდით, უზრუნველვყოფდით მის საჭიროებებს. როცა ოპერაციები არ ფინანსდებოდა, გადაამოწმეთ და ნახეთ, მე ვითომ „მოძალადე რძალმა“ რამდენჯერ მივიყვანე ექიმთან და როგორ ვუვლიდი. მას ჯერ კატარაქტის, შემდეგ ყურის ოპერაცია გავუკეთეთ. პოსტოპერაციულ პერიოდში კი, გადახვევებსა თუ ინექციებს ვუკეთებდი, რადგან ექთნის კვალიფიკაციაც მაქვს, გარდა იმისა, რომ სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი.
ჩვენს შორის ურთიერთობები დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იძაბებოდა. ძალიან უხეში ენა აქვს, მუდმივად მის შეურაცხყოფებს ვიტანდი. ხშირად, ყურადღებას არ ვაქცევდი უცენზურო სიტყვებს, შუამავლად ჩემი შვილი გვყავდა, რომელიც ახლა 23 წლისაა. ხან ხორცს ვატანდი, ხან თაფლს, ხანაც სხვადასხვა პროდუქტებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მამამთილს საკმაოდ დიდი თანხა აქვს.
ახლა, ადვოკატი ნანა ფარჩუკაშვილი ჩემს მოძალადედ გამოცხადებას რომ ცდილობს, ჩემი მამამთილის რიგით მეშვიდე ადვოკატია. ამ დრომდე, მამამთილმა ყველა სასამართლო წააგო, ჩვენ ხან 45 000 დოლარს, ხანაც 20 სულ ძროხას გვთხოვდა.
ჩემი შვილის გარდა, მოხუცს კიდევ შვიდი შვილიშვილი ჰყავს. ისინიც პატრონობენ. ტყუილია, რომ მას არაფერი ჰქონდა ჩასაცმელი. ჩემმა მულმა სამი უზარმაზარი ტანსაცმლის ჩანთა საბერძნეთიდან ჩამოუტანა გასულ წელს. გარდა ამისა, მამამთილს ჩემი ნაყიდი სამოსი დღესაც აცვია.
ყველაზე შეურაცხმყოფელი რაც აქამდე ყოფილა ჩვენთვის ღორის ხორცის მოპარვის ბრალდება იყო. მაშინ, ჩემი შვილი ანუ მისი შვილიშვილი 14 წლის იყო, როცა ღორი დაკლა და ხორცი დაამარილა. ჩვენ კი გვიჩიოდა, რომ ხორცის ნაწილი მოვპარეთ… არადა, მე და ჩემი შვილი მარილიან საკვებს არ ვიღებთ, მეუღლე კი, ღორის ხორცს საერთოდ არ ჭამს.
მამამთილს საშინელი ჩვევა აქვს, გამუდმებით არის სასმელზე დამოკიდებული და ხასიათი უფუჭდება. ჩემი ოჯახის მამაკაცებს იმით ვიცავდი, რომ ჩუმად, მე თვითონ მაქსიმალურად ვეხმარებოდი, რაც საჭირო იყო და რაც შემეძლო. მას 80 წლის იუბილეც კი გადავუხადე. ახლა ,ორი თვის წინ, გიორგობას ხევსურთა წესისამებრ, ცხვარი დავკალით, მას ცხვრისა და ხბოს ხორცი მივაწოდეთ.
ასე რომ არ დაძაბულიყო სიტუაცია, იმით ვანეიტრალებდი, რომ ოჯახურ ურთიერთობას გავურბოდი. რაც ოჯახში მე თავად გამორჩეული მქონდა, ყველაფერს ვუნაწილებდით. თავად საკმაოდ დიდი ფული აქვს, მოვალეები ჰყავს ხოლმე. ათასობით ლარი აქვს ადვოკატების მომსახურებაში გადახდილი. მას მაღალი მთის სტატუსი აქვს, შესაბამისად – მაღალი პენსია. გარდა ამისა, ეზოს საუკეთესო ნაწილს თავისთვის ამუშავებს. ეზოში უზარმაზარი კაკლის ხეები გვაქვს. წელს, ერთ ტონამდე კაკალი გაყიდა. გარდა ამისა, ხილის არაყს ხდის და ლიტრს 5 ლარად ყიდის, 300-400 ლიტრი არაყი აქვს წელს. ეს ყველაფერი შეგიძლიათ გადაამოწმოთ და მეზობლებს ჰკითხოთ, როგორი „მოძალადე“, „მხეცი“, „ნადირი“ ქალი ვარ.
ერთადერთი შვილი მყავს, ბაკალავრიატი 100 %-იანი დაფინანსებით დაამთავრა, ასევე მაგისტრატურაც. ჩვენს შვილს ქალაქში ვინახავთ და დიდი ხარჯიც გვაქვს, მაგრამ პაპას არაფერს ვაკლებდით. თუ ასეთი მოძალადეები და საშინელები ვართ, როგორ გავზარდეთ წესიერი, სწავლაზე ორიენტირებული შვილი?!
მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ქონებრივი დავა ჩვენ მასთან არ დაგვიწყია. თავად დაიწყო დავა, ან ფული გადაგვეხადა, ან საქონელი მიგვეცა.
8 თვის წინ, ადვოკატმა ნანა ფარჩუკაშვილმა დამირეკა, მოვითხოვ ქონება ისე გაანაწილეთ, ვარდო პაპა კმაყოფილი რომ იყოსო. ვუპასუხე, რომ მე ქონების მფლობელი არ ვიყავი და შესაბამისად, ვერაფერს გავანაწილებდი. მამის თანამესაკუთრე ჩემი მეუღლეა და მას მიმართეთ-მეთქი ვუპასუხე.
ყველაფერს მამამთილი განაგებს, ჩვენ მხოლოდ ერთი სახლი გვაქვს, რომელიც ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ 16 000 ბანკიდან სესხი ავიღე და ხელი შევავლე. ეზოში დგას ე.წ. კუხნა, ორ ოთახიანი.
რაც შეეხება მიმდინარე ამბავს, ადვოკატმა ფარჩუკიშვილმა გუშინწინ, მოსამზადებელ სასამართლო პროცესზე ჩვენი ქონების აუქციონზე გაყიდვა მოითხოვა, რაზეც მოსამართლემ მორიგება დაგვავალა. ჩემმა შვილმა ჰკითხა, პაპა იცი აუქციონი რა არისო, მოხუცმა უპასუხა, რომ არ ვიციო და როცა აუხსნა, თქვა რომ ყველაფრის გაყიდვა არ მინდაო. რაც შეეხება კონფლიქტს, ფარჩუკიშვილს ჩემსავე ეზოში ვკითხე, 100 წელს მიღწეული მოხუცია, რად გინდა ქალბატონო ამ ყველაფრის გაყიდვა-მეთქი ვკითხე. ამ დროს, მამამთილმა სახის არეში დამარტყა, ეს მის ადვოკატს გადაღებული არ აქვს. გუშინ კი, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ვიყავი ექსპერტიზაზე, მაქვს ჭრილობა და სისხლჩაქცევა, შეშუპებული მაქვს ლოყა.
აქამდე, ფიზიკურად არავინ შემხებია და ამ ფაქტით კინაღამ ტვინში სისხლი ჩამექცა, ისე იმოქმედა. ამის მოწმე ფარჩუკიშვილიცაა. მერე ოთახში შევიდნენ. თავი ვეღარ გავაკონტროლე და შევედი, რა გინდათ-მეთქი ვკითხულობდი. ფარჩუკიშვილი ხელებს მიშლიდა, ვარდო პაპაც მკერდში მირტყამდა, ორივემ კარგად მიმტყიპეს. ის ვიდეო კი, რაც დევს, ნახავთ რომ მოხუცი თავს მესხმოდა. ისე გადამიყვანეს ჭკუიდან… ქალმა მიჩივლა და მეუბნებოდა, შენ ვინ ხარ ამ ქვეყანაზეო. საკუთარ ეზოში გცემონ და კიდევ გიჩიოდნენ… ფარჩიკიშვილმა მითხრა, პაპას ღირსეული პირობები უნდა შევუქმნაო. გამეცინა, ვუთხარი ისეთი ყოჩაღია, შეიძლება დაოჯახებაც მოგთხოვოთ-მეთქი. ამ ქალმა კი ამაზრზენი, ამორალური პასუხი გამცა – გაუწიე ცოლობა მამამთილსო, ამას ქუჩის ქალიც არ იტყვის…
ეს ვიდეოები საზოგადოებაში სენტიმენტების გამოწვევის მიზნით, დადეს. მლანძღავენ და მამცირებენ. თუმცა, იმის გამო, რომ ჩემი ნებართვის გარეშე გაავრცელეს ეს კადრები, პოლიციამ ააღებინა. მე ვარ მსხვერპლი, ვარ მასწავლებელი და ვარ ავად. მეზობლებმა, თანამშრომლებმა და მოსწავლეებმა კარგად იციან ვინც ვარ. ფარჩუკიშვილს რომ ჰგონია გამანადგურა, სიმართლეს მაინც დაადგენენ.
რაც შეეხება გომურს, სადაც ჩემი მამათილი ცხოვრობს, ისტორიული სახლი დგას ჩვენს ეზოში, რომელიც 150 წლის წინ აშენდა. იქ ცხოვრობდნენ თვითონ მამათილი და მული. როცა მული გარდამეცვალა, თავად თავისი სურვილით და ნებით გადავიდა გომურში, სადაც კედელი ამოაშენა და საცხოვრებელი ორი ოთახი აიშენა. მე კი არა, ჩემი ცოცხალი მული გამოაგდო და არ დაალაგებინა. მას ორი ცოცხალი შვილი ჰყავს, ორი კი გარდაცვლილი. გაოცებულები არიან შვილიშვილები. მათ პაპის ნახვა სურთ, მაგრამ ნებას არ აძლევენ. ულამაზესი სახლი დაშალა, იატაკიდან ფიცარს ყრიდა და წვავდა, რიკულებს ხსნიდა აივნიდან და იმასაც ღუმელში წვავდა, არა იმის გამო, რომ შეშა არ ჰქონდა, უბრალოდ აზიანებდა.“ – ამბობს მამამთილის ძალადობაში დადანაშაულებული რძალი.