საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უამრავ განსხვავებულ საფლავის ქვას წააწყდებით – უჩვეულო წარწერებით თუ ფორმით… ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ელდარ ნადირაძემ პირველმა გამოიკვლია საქართველოს მემორიალური კულტურა – მოახდინა ძეგლების კლასიფიკაცია, ქრონოლოგია, შეისწავლა მათზე არსებული სიმბოლიკა, რომლებიც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.
საფლავის ქვებსა და გლოვის ტრადიციებზე ელდარ ნადირაძემ AMBEBI.GE-ს უამბო:
– ბატონო ელდარ საქართველოში ბევრი საფლავია განსხვავებული წარწერებით, მაგალითად სოფელ გოსტიბეში საფლავის ქვაზე ვკითხულობთ – “აქ განისვენებს სიძის ნასროლი ტყვიისგან მკვდარი წიკლაური…”
– გოსტიბე სოფელია შიდა ქართლში, სადაც ადრე ხევსურები ჩამოასახლეს… იქ საფლავის ქვები ქართლური წესითაა გაფორმებული და ხევსურული ტრადიცია ნაკლებად სჩანს. ზოგადად, ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებული ასეთი წარწერები გავრცელებული იყო მთელს საქართველოში და არა მხოლოდ ჩვენთან. საფლავის ქვაზე წარწერის შინაარსში ჩადებულია გარდაცვლილის პროფესიის, ხელობის, წარმომავლობისა და განათლების აღმნიშვნელი მონაცემები: მწყემსი, გუთნის დედა, ქვითხურო, კალატოზი, სასულიერო პირი, საერო მოღვაწე და ა. შ.
სად იყო უძველესი 9 სასაფლაო თბილისში – გლოვისა და დაკრძალვის ტრადიციები დედაქალაქში
როგორც წესი, გამორჩეულია ტრაგიკულ ნიადაგზე გარდაცვლილთა საფლავები და ეს გამოხატულია, როგორც ძეგლთა შემკულობაში, ასევე წარწერათა შინაარსში. საგულისხმოა, რომ ორიგინალური და შედარებით პომპეზური ტიპის საფლავის ძეგლები გვხვდება ქვითხუროობით განთქმულ ცენტრებში მაგ. იმერეთში. ასეთია: ჭოგნარი, ჭილოვანი და კურსები.
– ყველაზე უცნაური წარწერები სად შეგხვდათ?
– ასე ვერ გამოვყოფ, რადგან ესაა ცალკეული შემთხვევა და ასეთი წარწერა ძირითადად ჭირისუფლის განწყობასა და შესაძლებლობაზეა დამოკიდებული. ტრაგიკული მოვლენა ბევრად განაპირობებს წარწერის ხასიათს. სევდა და წარმავლობის მძაფრი განცდა საერთო ფონად გასდევს ეპიტაფიათა უმრავლესობას. ამ მომენტითაა განპირობებული ადამიანთა განცდა – რაც შეიძლება განსხვავებული იყოს მათი საყვარელი მიცვალებულის ძეგლი.
ამის საილუსტრაციოდ დავასახელებ მემორიალურ კულტურაში გავრცელებულ ტოტებშეჭრილი ხის ეგზემპლარებს, რომლებიც სიმბოლურად გამოხატავენ ადამიანის შეწყვეტილ ცხოვრებას. ამ ფაქტში მოსჩანს ასევე უძველესი ტრადიციის ნაკვალევი ხის თაყვანისცემისა, რომელიც აღიარებულია მარადიული სიცოცხლის სიმბოლოდ და ეს მარადიულობა ამ ფორმითაა გადატანილი საფლავის ძეგლში.
– კიდევ რა ფორმის საფლავის ქვები იყო ყველაზე მეტად გავრცელებული?
– ნატურალური ზომის ქანდაკებანი, ტაძრის ფორმის ძეგლები, ლოდების აუარებელი ნაირსახეობა, ზოომორფული ძეგლები, მატურები (ფეხზემდგომი ძეგლების ორიგინალური ნიმუში), ერთი ლოდი ორი მიცვალებულისათვის, სახლის ტიპის ძეგლები, როტონდებითა და კოლონადებით აგებული სასაფლაოები, ესაა უმდიდრესი მასალა, რომელსაც საქართველოს ყველა კუთხეში შეხვდებით, ამ ძეგლებში ასახულია ქვითხუროების დახვეწილი სტილი, ხალხური წარმოდგენების ანარეკლი და რაც მთავარია, ქართველი ხალხის ქრისტიანული მსოფლმხედველობა.
– საინტერესოა, სახლისა და ტაძრის ფორმების გადატანა საფლავის ძეგლთა შემკულობაში რითია გამოწვეული?
– ბიბლიაში ტაძარი და სახლი გაიაზრება, როგორც ღვთიური სამყაროს მიკროკოსმოსი. ეს გახლავთ არა მხოლოდ ბიბლიის, არამედ მსოფლიოს უდიდესი რელიგიების მონაპოვარი. ქრისტიანული რელიგიით, ტაძარი ის ადგილია, სადაც ადამიანი ეზიარება ღვთის საიდუმლოს, სულიერ შობასა და განსპეტაკებას. სახლი, როგორც ტაძრის პირველსახე იგივე ფუნქციითაა დატვირთული და ორივეს გააჩნია სიმბოლური დატვირთვა – დაეხმაროს ადამიანის სულს, როგორც სააქაო, ისევე საიქიო ცხოვრებაში. ხალხურმა აზროვნებამ გარდაცვლილის სულიერი მდგომარეობა ასე გამოხატა მატერიალური ფორმით.
სასაფლაო სოფელ ფახულანში, წალენჯიხა. ფოტო: „ლაივპრესი“
– დღეს სად გვხვდება ყველაზე გრანდიოზული საფლავები?
– მსოფლიო მემორიალურ კულტურას აქვს განსაცვიფრებლად დიდი მასშტაბები. ეგვიპტური ხელოვნებიდან მოკიდებული იტალიური რენესანსითა და ჩვენი დროის არქიტექტურული ნაგებობებით დამთავრებული. ესაა გრანდიოზული მემკვიდრეობა ხელოვნების უბრწყინვალესი ნიმუშებით. საქართველოში ზოგჯერ უკვირთ ჩვენებური საფლავების პომპეზურობა და ავიწყდებათ მსოფლიო მემორიალური კულტურის დონე, რომელიც აოცებს ადამიანს თავისი არქიტექტურული მრავალმხრიობით.
თბილისში ამ მხრივ გამორჩეულია მთაწმინდა, დიდუბე, საბურთალოს სასაფლაო… მართალია მათში არ ჩანს პომპეზური სახლებისა და ტაძრების ნაირსახეობა, მაგრამ რაღაც დეტალებში მაინც არის მინიშნება ასეთის შესახებ.
– საინტერესო იქნება თქვენი აზრი საქართველოში გავრცელებული განსაკუთრებულად ორიგინალური საფლავის ტიპის შესახებ
– ასეთებად მიმაჩნია ზოომორფული ძეგლები, რომლებიც ძირითადად გავრცელებულია სამხრეთ და სამხრეთ დასავლეთ საქართველოში. ზოომორფული ნიშნავს ცხენისა და ცხვრის ქანდაკებებს საფლავებზე. ცხვარი საერთოდ წმინდა ცხოველია და ადამიანისთვის მის პრაქტიკულ გამოყენებასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომ გადავიდა მისი ფორმა საფლავის ძეგლში, ის რაც ადამიანს ჭირდება ცხოვრებაში, სიკვდილის შემდეგაც თავისებურ ასახვას ჰპოვებს. მეცნიერებაში გამოითქვა ვარაუდი, რომ ცხვრისა და ცხენის ქანდაკებები მხოლოდ მწყემსების საფლავებზე იყო, მაგრამ არაა მართალი…
ასეთი ტიპის ძეგლები გავრცელებულია აზერბაიჯანში, სომხეთში, ირანში, თურქეთში და გამოითქვა ვარაუდი, რომ იგი მხოლოდ თურქმანთა სახელს უკავშირდება რაც არ დაადასტურა ამ ძეგლთა კომპლექსურმა შესწავლამ. დღეს გარკვევით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ზოომორფული ძეგლები დამზადებულია ქართველ ხელოსანთა მიერ და ისინი დგანან ქართველთა საფლავებზე. საფლავსა და სასაფლაოს ზოგადად დიდი დატვირთვა გააჩნია. სადაც არის ადამიანი, პრეტენზიაც აქვს იმ მიწაზე!
საინტერესო რამეს მოგახსენებთ: აბრაამს რომ ცოლი – სარა გარდაეცვალა, მას უთხრეს, მოგცემთ მიწას და შენი ცოლი დაასაფლავეო. აბრაამმა იუარა, მან ფული გადაიხადა, რადგან ნაჩუქარი მუდამ დაყვედრების საგანია… მას სურდა თავის ცოლის საფლავით ეს ქვეყანა თავის სამშობლოდ გაეხადა, ფული გადაიხადა და საფლავი დააკანონა. საფლავით დაიკანონეს თავისი პირველობა ქსნის ხეობაში მოსულმა ერისთავებმა და ქსნის საერისთაოს ჩაუყარეს საფუძველი. როდესაც ძველ ქართულ წყაროებში ფეოდალის ქონებაზეა ლაპარაკი, ასე მოიხსენიებენ – მისი ციხე, სახლი და სასაფლაო… ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სასაფლაოს და მის კულტურას უდიდესი მნიშვნელობა აქვს!
ფოტოები: გია გაგოშიძე
წყარო – ambebi.ge