რა განსხვავებაა გრიპს და გაციებას შორის ? როდის უნდა მივმართოთ ექიმს? გრიპისა და გაციების სიმპტომები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ამიტომ, ადამიანებს მათი გარჩევა უჭირთ. ისინი ხშირად არასწორი მედიკამენტებით იწყებენ მკურნალობას და შედეგი არა აქვთ. შემოდგომა გრიპებისა და გაციების სეზონია. რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ, ქუთაისის რეფერალური კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელი ექიმი პულმონოლოგი, ინდირა კოპალეიშვილი საუბრობს.
გაციების სიმპტომებია: იგი ვლინდება ეტაპობვრივად, სიცხე იშვიათია, ტკივილი მსუბუქი, შემცივნება იშვიათი, სურდო ხშირი, ყელის ტკივილი ხშირი, ხველა მსუბუქიდან მწვავემდე, თავის ტკივილი იშვიათი. გრიპის სომპტომებია: უეცარი, მწვავე დასაწყისი, ძლიერი შემცივნება, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, მაღალი ტემპერატურა-38,5 ზე მეტი. ცემინება,სურდო და ყელის ტკივილი შედარებით იშვიათად არის გამოხატული.ხველა ხშირია, ასევე თავის ტკივილი. გაციების დროს რაიმე სახის მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში გართულებები მოსალოდნელი არ არის. ყველაზე ხშირად შეიძლება განვითარდეს სინუსიტი, გამწვავდეს ასთმა, აღინიშნოს მეორადი ინფექციები, აი, გრიპის დროს კი სიცოცხლისთვის საშიში გართულებებიც მოსალოდნელია. ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია (ფილტვების ანთება), ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები (გონების დაკარგვა ან დაბინდვა, ძილიანობა, კრუნჩხვები, კუნთების მკვეთრი სისუსტე ან დამბლა), ორგანიზმის მკვეთრი გაუწყლოება (დეჰიდრატაცია), სხვა თანმხლები დაავადებების გართულება (მაგ: გულის შეგუბებითი უკმარისობა, ასთმა და დიაბეტი).