შესაძლოა, ზოგჯერ თავს 100%-ით ბედნიერად ვგრძნობთ, თუმცა, ცხოვრებისეული სირთულეები, იმედგაცრუებები, პერიოდულად, ენთუზიაზმს გვაკარგვინებს და უმოტივაციობას განვიცდით. ბედნიერება მხოლოდ გარე ფაქტორებზე, ოცნებებისა და სურვილების ახდენაზე არ არის დამოკიდებული. პოზიტიური აზროვნება, რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე გვაყენებს და თუკი რაიმეს დიდი ხნის განმავლობაში საკუთარ თავს გავუმეორებთ, გაცილებით მეტი შანსია, რომ ასეც მოხდეს.
ამ 8 ფრაზას ბედნიერი და წარმატებული ადამიანები ყოველდღიურად, ნებით თუ უნებლიედ, იმეორებენ. შეგიძლიათ, მოტივაციისთვის თქვენც გამოიყენოთ!
“შესანიშნავი დღე მელოდება”
ოპტიმისტური დამოკიდებულება კარგი დღის გასაღებია. დილით რომ გაიღვიძებთ, ეცადეთ, არ იფიქროთ იმაზე, რომ სამსახურისკენ მიმავალ გზაზე ხანგრძლივი საცობი, ნერვიულობა და სამსახურშიც დაძაბული გარემო დაგხვდებათ. მოემზადეთ უკეთესისთვის, უთხარით თქვენს თავს, რომ დღეს ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ. ადექით დათქმულ დროს, თუკი მაღვიძარას ზარს რამდენჯერმე გადაავადებთ, შფოთვის ხარისხი მოიმატებს და პოზიტიური აზრებისთვის დრო აღარ დაგრჩებათ. წარმატებულმა ადამიანებმა თავიანთი დროის ფასი შესანიშნავად იციან.
“არაფერს ვნანობ”
წარმატებული ადამიანები სირთულეებს არ უშინდებიან და იციან, რომ საკუთარ შეცდომებზე სწავლა შესანიშნავად შეუძლიათ. ამიტომაც, წარსულში დაშვებულ შეცდომებს არ ნანობენ და ცხოვრებას შემართებით აგრძელებენ. მუდმივად იმაზე ფიქრი, რომ რაღაც სხვანაირად, უფრო უკეთ შეგეძლოთ გაგეკეთებინათ, ახლა ცხოვრებისა და განვითარების შესაძლებლობას გაკარგვინებთ. ისწავლეთ საკუთარი თავის მიღება, ნუ შეუშინდებით დაბრკოლებებს. ყველა შეცდომა და გამარჯვება მოტივაციისთვის გამოიყენეთ და სასურველ შედეგს მიაღწევთ.
“ვამაყობ, საკუთარი თავით”
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენი მცდელობები, დიდი და მცირე გამარჯვებები დააფასოთ და აღიაროთ. წარმატებულმა და ბედნიერმა ადამიანებმა თავიანთი შრომის ფასი იციან და სიამაყის განცდა აქვთ არა მხოლოდ იმის გამო, რომ რაღაც გრანდიოზულს მიაღწიეს, არამედ იმიტომაც, რომ შეძლეს, კეთილგანწყობილები, პუნქტუალურები და მიზანდასახულები ყოფილიყვნენ.
“მიხარია შენი დანახვა”
ბედნიერი ადამიანები თავიანთი გრძნობების გამოხატვას არასოდეს ერიდებიან. თუკი, სამსახურში შვებულებიდან დაბრუნებულ კოლეგას დაინახავენ, გულწრფელად გაუზიარებენ თავიანთ გრძნობებსა და ემოციებს. ეს კი ჯანსაღი ურთიერთობების აუცილებელი პირობაა.
“დღეს ვერ ვარ ფორმაში, მაგრამ, არა უშავს”
ყველა ადამიანს აქვს დღეები, როცა მოტივაცია და ენერგია უქვეითდება და ნაკლებად პროდუქტიულია. თუმცა, ასეთ დროსაც, ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენი თავი და გრძნობები მიიღოთ და ამის გამო, დანაშაულის შეგრძნებამ არ შეგაწუხოთ. რესურსების ნაკლებობა აბსოლუტურად ნორმალურია. ეს ნიშნავს, რომ საკუთარ თავს უფრო მეტი დრო უნდა დაუთმოთ, განიტვირთოთ და დაისვენოთ. შემდეგ კი, საჭირო მოტივაციას აუცილებლად იპოვით.
“თავად უკეთ ვიცი, რა აჯობებს ჩემთვის”
ბედნიერი და წარმატებული ადამიანები სხვებს არ აძლევენ უფლებას, მათ ნაცვლად მიიღონ გადაწყვეტილება და მათი ცხოვრება მართონ. რა თქმა უნდა, რჩევების მოსმენა შეუძლიათ, თუმცა საკუთარ ცხოვრებაზე თავად იღებენ პასუხისმგებლობას, არ ექცევიან მანიპულაციის ქვეშ და არავის აძლევენ უფლებას, ზედმეტად ჩაერიონ მათ საქმეში.
“მჯერა საკუთარი თავის”
წარმატებული და ბედნიერი ადამიანები თავდაჯერებულები არიან. რა თქმა უნდა, შესაძლოა, დროდადრო სიახლეებისა და გამოწვევების შიში ჰქონდეთ. თუმცა, ზუსტად იციან თავიანთი მიზნისა და მისწრაფებების შესახებ და ურყევად მიდიან ამ გზაზე.
“მადლობა!”
მადლიერების უნარი ყველა ადამიანს არ აქვს. წარმატებული და ბედნიერი ადამიანები საკუთარ ძალისხმევასაც აფასებენ და სხვის შრომასაც პატივს სცემენ. ყველა გამართლებისა და იღბლისთვის, მადლიერებას გამოხატავენ სამყაროს მიმართ და ამჩნევენ პატარა სიკეთეებსაც კი, რომლებსაც ირგვლივმყოფებისგან იღებენ.
წყარო: MSHOBLEBI.GE