იტალიის ქალაქ ნეაპოლში გაუჩინარებულია 29 წლის მამაკაცი, რომელსაც მეხუთე დღეა, ეძებენ.
ვანიკო ღარიბაშვილი მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად ნეაპოლში, მე-6-ე წელია, ცხოვრობს.
ვანიკოს მეუღლე ფიქრია გოგატიშვილი AMBEBI.GE-ს უყვება, რომ ვანიკო ნეაპოლთან ახლოს, პომილიანო დარკოში მუშაობდა მოხუცის მომვლელად. შაბათ დღეს ცოლ-ქმარი ქალაქის ბაზრის მიდამოებში უნდა შეხვედროდნენ, თუმცა ვანიკო ღარიბაშვილი დათქმულ ადგილას არ მისულა. მას მერე გაუჩინარებულზე ოჯახს არანაირი ინფორმაცია არ აქვს, მეუღლეს კი ვერსიებზე საუბარი უჭირს.
AMBEBI.GE საგარეო საქმეთა სამინისტროში არკვევდა, რა ინფორმაცია ჰქონდა უწყებას დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ.
„საკონსულო კონტაქტზეა როგორც იტალიის შესაბამის უწყებებთან, ისე დაკარგულის ოჯახის წევრებთან. მიმდინარეობს სამუშაოები“,- განუცხადა ქართულმა უწყებამ აღნიშნულ მედიას.