მრგვალი შენობა, ამფითეატრის სახის დარბაზი, რომლის შუაში არენაა, სადაც იმართება საგანგებო წარმოდგენები – ჯამბაზობა, ასპარეზობა, კლოუნადა, გაწვრთნილი ცხოველების ჩვენება და სხვაგვარი სანახაობა, – ასეთი გახლავთ სიტყვა ცირკის განმარტება. ეს დაწესებულება ყველაზე მეტად პატარებს ახალისებთ. თბილისის ცირკს დიდი ხნის ისტორია აქვს და შესაბამისად, იმ შენობასაც, სადაც ბავშვებისთვის საინტერესო და მხიარული წარმოდგენები იმართება.
თბილისის ცირკი XX საუკუნის 1940-იან წლებში აშენდა. იქ წლების განმავლობაში არაერთი ცნობილი საცირკო შემსრულებელი გამოსულა.
არსებობს ინფორმაცია, რომ ჯერ კიდევ XIX საუკუნის 90-იან წლებში ძმებმა ნიკიტინებმა გოლოვინის პროსპექტზე (ახლანდელი რუსთაველის გამზირი) ცირკის შენობა ააშენეს, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში დამწვარა. 1914 წელს კი ესიკოვსკიმ ახლანდელი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე (ელბაქიძის აღმართი) ცირკის მეორე შენობა ააშენა. 30-იანი წლების ბოლოს კი თბილისის ორივე ცირკი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ცირკების გაერთიანების დაქვემდებარებაში გადაიყვანეს და იმავე წლებში ახალი კაპიტალური ცირკის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 1939 წლის ბოლოს დასრულდა.
XX საუკუნის დასაწყისში თბილისში სამი ცირკი მუშაობდა: ნიკიტინების, ესიკოვსკებისა და ეფიმოვების.
1908 წელს ცირკი ბათუმშიც გაიხსნა, გაჩნდნენ საქართველოს ცირკის ადმინისტრაციული მოღვაწეებიც და საბჭოთა კავშირის პერიოდში საცირკო სანახაობები რევოლუციურ-სააგიტაციო ხასიათსაც ატარებდა.
დაათვალიერეთ ფოტოგალერეა
როგორც ისტორია მოგვითხრობს, ცირკის შენობის პროექტის ავტორები არიან: ნეპრინცევი, ურუშაძე, საგუნეცი. იმ დროისათვის თბილისის ცირკი ადგილმდებარეობით, აღჭურვილობითა და ტექნიკით, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნეოდა.
აღნიშნულმა შენობამ სტაციონარული ფუნქციონირება 1940 წელს დაიწყო. განახლებული ცირკის დირექტორი წლების განმავლობაში ცნობილი მომღერალი და ველოსიპედისტი ლადო კავსაძე გახლდათ. 1969 წელს თბილისში საესტრადო და საცირკო ხელოვნების სასწავლებელი გახსნა. მის სცენაზე აღიზარდნენ და გამოდიოდნენ მსოფლიო დონის ცნობილი საცირკო ვარსკვლავები, დამსახურებული და სახალხო არტისტები.
პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი 2016 წელს სწორედ ამ თემაზე საუბრობდა:
– რაც შემიძლია თბილისის ცირკის შესახებ ვთქვა, ის გახლავთ, რომ იგი ბერიამ, თუ არ ვცდები, 1935 წელს ააშენა. ცირკის ასასვლელის ქვედა ნაწილი სულ საფლავის ქვებით არის მოპირკეთებული. დიახ, თუ იმ კედელს მივუახლოვდებით, ამაში მაშინვე დავრწმუნდებით, რომ მართლაც ასეა, რადგანაც ნათლად ეტყობა ჯვრები და წარწერები…
– კერძოდ, რომელი სასაფლაოს ქვებია?
– ზუსტად უცნობია, მაგრამ შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ბერიამ დაანგრია ვერის სასაფლაო, ხოჯევანქის სომხური, სოლოლაკის კათოლიკური და გორკის ძეგლთან არსებული ლუთერანული სასაფლაოები. ამათი მიქსი უნდა იყოს.
სანამ ცირკი იქ აშენდებოდა, სადაც დღეს არის, ადრე ელბაქიძის აღმართზე, ღვინის ქარხნის ადგილას იყო (ანუ სანამ ბერია მისთვის ახალი შენობის აგებას გადაწყვეტდა). მას იტალიელი ძმების “ტანტების ცირკს” უწოდებდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ტიციან ტაბიძის ლექსშიც კია შემორჩენილი: “კოტე მარჯანიშვილი,/ სანდრო ახმეტელი,/ შალვა დადიანი/ და უშანგი ჩხეიძე,/ ზიან “ტანტების ცირკში” -/ კულა გლდანელის იუბილეზე./ ვინ მისცათ ყარაჩოღელებს ამდენი ტემპერამენტი?/ საწყალი გლდანელი დგას/ გაკოტრებულ სოვდაგარივით/”.
ადრე ცირკში ძირითადად ჭიდაობა იმართებოდა…
საერთოდ კი სანამ ცირკი იქ აშენდებოდა, სადაც ახლაა, მაგ ადგილს ყაზარმების გორა ერქვა, რადგანაც ყაზარმები იყო აგებული. იქიდან 3 შენობა კიდევ არის შემორჩენილი. მერე ბერიამ ჩელუსკინელების ხიდის (თამარ მეფის ხიდის) მშენებლობის გამო ეგ მთა გაჭრა (რომ წარმოვიდგინოთ, ცირკსა და 11-სართულიან შენობას შორის მთა გაიჭრა). მოკლედ, როგორც გითხარით, დღეს ცირკის უკან კიდევ არის შემორჩენილი ერთი იმდროინდელი ყაზარმა და ორიც აკადემქალაქში, – ერთში ადრე “რადიო აუდიენცია” იყო განთავსებული, მეორეში – საბავშვო ბაღია. აღნიშნული შენობები ძველი რუსული იმპერიული ყაზარმის ნიმუშია, სქელი და გამძლე აგურის კედლები აქვს.
ცირკს რომ დავუბრუნდეთ, საბჭოთა პერიოდში დაიწყო მისი საცირკო სანახაობებით დატვირთვა, ანუ იქ მხოლოდ ჭიდაობა აღარ იმართებოდა…
ცნობილია ასევე ისიც, რომ რუსეთის ცირკის დამსახურებული არტისტი – ოლეგ პოპოვი მოსკოვში კრიტიკული გამოსვლებისთვის კინაღამ დაიჭირეს და თბილისს შეაფარა თავი, რაღაც პერიოდი ჩვენს ცირკში გამოდიოდა. მისი მოგონებები მაქვს წაკითხული, სადაც ამის შესახებ საუბრობს და ასევე ამბობს იმასაც, რომ ქართველები მაგრები, უშიშრები არიან, გაგანია სტალინის დროსაც კი არ ეშინოდათო…”
წყარო: ambebi.ge