ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალური ქსელით ახალ პოსტს აქვეყნებს.
„პრემიერის სკანდალურ ჩარტერზე მელაძის შაბათის გამოძიების შედეგი და რეაქცია- დღეს ღარიბაშვილმა გამოაცხადა, რომ ყველა სტატუსშეჩერებულ სტუდენტს გაუნულდება დავალიანება. აი ეგაა მედიის ძალა და ჟურნალისტური გამოძიების ფასი! ბრავო Nodar Meladze მაკა ანდრონიკაშვილი“, – წერს ის.
შეგახსენებთ, დღეს მთავრობის სხდომაე ღარიბაშვილმა თქვა, რომ თანხის გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ.
ამასთან, ნოდარ მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტთა გუნდმა „შაბათის ეთერისთვის“ მოამზადა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, აგვისტოს ბოლოს ღარიბაშვილმა, ოჯახის წევრებთან ერთად, სამთავრობო თვითმფრინავით იმგზავრა მიუნხენამდე, საიდანაც შემდეგ აშშ-ში გაფრინდა, რათა პენსილვანიაში სწავლის დასაწყებად შვილი ჩაეყვანა.
მელაძის გუნდმა ასევე ისაუბრა ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის, გრანდიოზულ დაბადების დღეზე.
ჟურნალისტების მტკიცებით, ღარიბაშვილმა სახელმწიფო ბალანსზე არსებული თვითმფრინავი პირადი მიზნით გამოიყენა.
ასევე ისინი აღნიშნავენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ხარჯებს ღარიბაშვილის დეკლარაციაში მითითებული შემოსავლები არ ჰყოფნის და საინტერესოა, საიდან გადაიხადა პრემიერმა ამ ყველაფრის ფული.
მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მიუნხენში მგზავრობის ფული ბიუჯეტიდან არ გადახდილა და ოპოზიციის ბრალდებები ცილისწამებაა. სდსს-ს ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ მიუნხენში ფრენის ღირებულება ირაკლი ღარიბაშვილის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.