პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია COVID-19-ის მძიმედ გადატანის შემდეგ, რეაბილიტაციის კურსს გადის. კლინიკებში 1 თვეზე მეტი გაატარა. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ გაიგო, რომ დედა 11 დღის წინ კოვიდმა იმსხვერპლა.
“ადამიანები პანდემიის დროს”: “ნეტგაზეთთან” პოლიტოლოგი გასული თვეების მძიმე გამოცდილებაზე ყვება – საუბრობს ვირუსთან ბრძოლის დღეებზე, ჯანდაცვის სისტემაზე რეგიონებში და დედაზე, რომელსაც დაპირდა, რომ დაბრუნდებოდა.
“ღამით შემომესმა კოვიდის ტიპიური ხველა” – როცა დედა დაინფიცირდა
ყველაფერს ვიცავდი, ზედმეტადაც კი. ჰიგიენა, ხელის დაბანა, ბავშვებს ყურადღება… სამსახურში მინიმალურად დავდიოდით. ღონისძიებებისთვის ისეთ ადგილებს ვარჩევდით, რომ შორს ვყოფილიყავით თბილისიდან. ყველანაირი თეორიული საფრთხის მინიმალიზაციას ვაკეთებდი. ხელთათმანი ცალკე, პირბადე ცალკე, ნაკლები სიარული…
ბედის ირონია იმაშია, რომ ვცდილობდი, დედაჩემისთვის არ მიმეტანა ვირუსი. სპეციალურად ჩავედი მაშინ ზუგდიდში. შეუძლოდ იყო ბოლოს და ასე ვაკითხავდი ხოლმე, მაგრამ იმას არ ველოდი, რომ დედისგან გადამედებოდა – ფაქტობრივად, ეზოდან არ გადიოდა დედა. საიდან უნდა მოეტანა ვირუსი, არ ვიცი. ვერაფრით ვიფიქრებდი.
ზუგდიდში რომ ჩავედი, დასაძინებლად მეორე სართულზე დავწექი. ღამით შემომესმა კოვიდის ტიპიური ხველა. თავიდან ვიფიქრე, მეზობლებს აქვს რაღაც და იქიდან არის მეთქი. კარგად რომ დავაკვირდი, მივხვდი, რომ ხმა პირველი სართულიდან იყო.
დედაჩემი უკვე ასაკში იყო, ექიმებთან მისვლა და ასეთი რაღაცები ცოტათი უჭირდა, ამიტომ, მეორე დღეს ცოტა გამიჭირდა მისი დათანხმება, რომ კოვიდ-ტესტზე წამეყვანა. ძლივს წავიყვანე. 4-5 დღე ვუვლიდი, ჩემს თავზე არც მიფიქრია.