შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გურიაში, სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს.
„გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.
ძებნის ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია კიდევ ერთი ცხედარი და 1 პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.
ამ ეტაპზე, მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები. ნაპოვნია ორი გარდაცვლილის ცხედარი და ერთი მოზარდის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.
სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.
მოვუწოდებთ რეგიონში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მედიაში გავრცელებული ცნობით, სოფელ სილაურში ფერდონიდან ჩამოშლილ მასაში მაშველებმა 82 წლის ქალის ცხედარი იპოვეს.
შეგახსენებთ, უხვმა ნალექმა გურიაში სტიქია გამოიწვია. აღმოჩენილია 2 ცხედარი, 1 დაკარგულის ძებნა კი ისევ გრძელდება.