მომღერალი ნანი ბრეგვაძე შოვის ტრაგედიას გამოეხმაურა.
მისი თქმით, რაჭის სტიქიის შედეგების ფონზე სიმღერა უზნეობაა.
„დიახ, რაჭველი ვარ! ჩემი ბაბუის მიწაც გვაქვს რაჭაში, მაგრამ ვერ წავედი, რომ მივხედო… საქართველოს ყველა კუთხე საამაყოა და მე ძალიანაც ვამაყობ, რომ რაჭველი გახლავართ! ვგიჟდები ჩემს საქართველოზე, ყველა კუთხეზე…
ის, რაც რაჭაში მოხდა, ჩემთვის უდიდესი ტრაგედიაა. რომ ვიხსენებ, სულ ვტირი, მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ რაჭველი ვარ, ეს ჩვენი საქართველოა, ჩვენი კუთხე, ყველას გვეხება… შოვი აღარ არსებობს. ომები, მიწისძვრები ხდება, მაგრამ ამხელა სტიქიური მოვლენა ძალიან შემზარავია. ამდენი ხალხის დაღუპვა მოუშუშებელ ტკივილად დაგვრჩება.
სახელმწიფომ გადაწყვიტა ეს დღეები გლოვის ყოფილიყო და ასეც უნდა იყოს! არავითარ შემთხვევაში ახლა სცენაზე არ გამოვიდოდი, რაც არ უნდა დაგეგმილი ყოფილიყო! რა მემღერება, როგორ გეკადრებათ, ეს ხომ უზნეობა, არაადამიანობაა! როგორც ვიცი, ბევრმა შეაჩერა თავისი გამოსვლები, კონცერტები…
შოვი აუცილებლად უნდა აღდგეს და ასეც იქნება. ყველაფერი კარგად იქნება! ხომ არ შეიძლება სულ ცუდ დღეში ვიყოთ, რაღაც დიდხანს გაგვიგრძელდა. ყველაფერს აქვს ბოლო, კარგსაც და ცუდსაც. ჩვენზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, ერთმანეთის, ბუნების მიმართ დამოკიდებულება. ბუნებას მოვლა უყვარს და ეს აუცილებლად უნდა ვისწავლოთ!“ , – აღნიშნა მომღერალმა.