თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მძიმე ტექნიკა ჩამოწოლილ მიწის მასას ასუფთავებს. კლდე ადგილზე გუშინ ჩამოიშალა და ქვები გზაზე ჩაიტანა. კლდის ჩამოწმენდის სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილზე მერია ახალ დამცავ ბადეს დაამონტაჟებს.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიორგი აბუთიძემ განაცხადა, რომ ადგილზე ბადე დაახლოებით 13 წლის წინ დაამონტაჟეს, რომელიც დაძველდა და ფუნქციას ვეღარ ასრულებს.
“ეს ბადე დაძველდა და ვეღარ უზრუნველყოფს, რა თქმა უნდა, უსაფრთხოებას, ამიტომ მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილება და რამდენიმე დღეა სამუშაოები დაწყებული გვაქვს. პრიორიტეტების მიხედვით ვირჩევთ, რა თქმა უნდა, მთელ ქალაქში, ასე ერთბაშად ჩვენ ასეთ სამუშაოებს ვერ ვატარებთ, იმიტომ, რომ არც იაფი სიამოვნება არ არის.
რა თქმა უნდა, შესაძლებელი რომ ყოფილიყო უფრო ადრე დაგვეწყო და არ ჩამოვარდნილიყო ეს ქვა, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, თუმცა ის, რომ რატომ აქამდე ეს კონკრეტული ლოკაცია არ დავიწყეთ, ძნელი სათქმელია, სხვაგან ვმუშაობდით. როცა მოგვეცა საშუალება და რესურსი გამოგვიჩნდა, მაშინ მოვედით და ვაკეთებთ”, – თქვა აბუთიძემ.