გადავწყვიტეთ, ზაფხულის არდადეგებთან დაკავშირებით, ბავშვობიდან პოპულარულ ირმა სოხაძესთან გვესაუბრა. თუ რის გამო სწყდება გული, სად ამჯობინებს დასვენებას და რატომ არ ყიდულობს სამოსს კონკრეტულ მაღაზიებში, ამ და სხვა თემებზე თავად ქალბატონი ირმა გვესაუბრება…
– ბავშვობიდან, ზაფხული ჩემთვის წელიწადის ყველაზე საყვარელი და ნანატრი დროა, რადგან პირველ რიგში, ცხელა – სიცივეს ვერ ვიტან. არდადეგებზე ჯერ მთაში, მივდიოდით, შემდეგ კი – ზღვაზე. ძალიან მიხაროდა… როცა გავიზარდე, არდადეგები შვებულებამ ჩაანაცვლა. ახლა უკვე შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ვატარებ აგვისტოს: დაახლოებით 2 კვირით ზღვაზე მივდივართ. ეს დიდი სიამოვნებაა. ახალი წლის დღესასწაულებზე ვცდილობთ, მთელი ოჯახი ერთად ვიყოთ. ჩემი უფროსი ქალიშვილი – სალომე და მისი ოჯახი პრაღაში ცხოვრობს. ბოლო წლებში, მათთან ჩვენ ჩავდივართ. ძალიან კარგ დროს ვატარებთ, მაგრამ ახალ წელს პრაღაში თოვს, ცივა… სიცივე დისკომფორტს მიქმნის. ზაფხულს სულ სხვა სილაღე აქვს. სიცხის გამო, ზოგი ვერ იტანს, მე კი ერთი სული მაქვს, ზაფხულის მზიანი და თბილი ამინდი როდის დადგება.
– უფროსი ადამიანების მეთვალყურეობის გარეშე გატარებული პირველი არდადეგები გახსოვთ?
– მოსწავლეობის პერიოდში, ბანაკები სტუმრად მეპატიჟებოდნენ. თვე-ნახევარი იქ ბავშვებს ძალიან საინტერესო ცხოვრება ჰქონდათ, მაგრამ მამაჩემი კატეგორიულად, არსად მიშვებდა. ამიტომ მშობლების გარეშე პირველი არდადეგები საქორწინო მოგზაურობაში გავატარე. კონსერვატორიაში რომ ვაბარებდი, იმ დროს მთელი ოჯახი კიკეთში ვისვენებდით. ჩაბარების შემდეგაც, აგვისტო კიკეთში გავატარე. რეზო (ახლა უკვე ჩემი მეუღლე) ამოდიოდა, ვქეიფობდით, გადასარევ დროს ვატარებდით… პირველი კურსი რომ დავამთავრე, გავთხოვდი: 14 ივლისს დიდი ქორწილი გადავიხადეთ (ახლახან ქორწინებიდან 48 წელი შეგვისრულდა) – 3 დღე ვიქეიფეთ, შემდეგ კი ჯერ კიევში გავემგზავრეთ, მერე – ბულგარეთში, ლენინგრადში… საქორწინო მოგზაურობამ ზუსტად 2 თვეს გასტანა.
– მომდევნო წლებში, ზაფხულს როგორ ატარებდით?
– მაისში უკვე სალომე შეგვეძინა. ივლისის ბოლოს, 1 თვით კიკეთში წავედით… სანამ სალომე პატარა იყო, სულ მთაში ვისვენებდით. თან მახსოვს, ბავშვს ცოტათი ახველებდა და ექიმის რეკომენდაციით, ბაკურიანში, წინათ “მეოთხე სამმართველოს ტერიტორია” რომ ერქვა, იქ წავედით – კოტეჯები იყო. ჩასვლისთანავე სალომეს ხველამ გაუარა. იქ ხომ ფანტასტიკური მიკროკლიმატია, არა?.. კიდევ, ლიკანი ძალიან მიყვარდა – ხშირად ვსტუმრობდით. ხანდახან ზღვაზეც მივდიოდით… თავად, სანამ მცირე ასაკის ვიყავი, სულ აფხაზეთში ვისვენებდი. ბიჭვინთა ჩემი საყვარელი ადგილი იყო… რატომღაც, დასასვენებლად ჩემი შვილები აჭარაში მაშინაც დამყავდა, როცა აფხაზეთში ჯერ კიდევ ყველაფერი კარგად იყო. აფხაზეთი ჩემს შვილებს ნანახი არა აქვთ. ამის გამო, ახლა გული მწყდება… ბათუმში მამაჩემის და რეზოს მეგობრები გვეპატიჟებოდნენ და ზაფხულობით ბავშვები უფრო იქ დამყავდა… მას მერე, რაც დიდი უბედურება მოხდა და აფხაზეთი დაგვაკარგვინეს, ბათუმსა და შეკვეთილში დასასვენებლად უფრო ხშირად დავდივართ. ზაფხულში დასვენებისთვის ჩემი საყვარელი ადგილი გურიაა. წელსაც ვაპირებ, იქ დავისვენო…
– შვილებთან ერთად დასვენება კომფორტული იყო? სრულფასოვნად დასვენებას ახერხებდით?
– ჩემს შვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა 9 წელზე ცოტა მეტია. სანამ მხოლოდ სალომე მყავდა, ძირითადად, დასასვენებლად დედაც ჩემთან ერთად მოდიოდა, მაგრამ მაგალითად, ბაკურიანში მხოლოდ მე და სალომე ვიყავით, რადგან დედა შორს ვერ მომყვებოდა – ოჯახი მისახედი იყო… ბაკურიანში შაბათ-კვირას რეზო მაკითხავდა. ძირითადად, ლიკანში ვისვენებდი. იქ რას უნდა დავეღალე? სასადილო იქვე იყო. მხოლოდ ბავშვები უნდა გამესეირნებინა, მათთვის რაღაცები მომეყოლა… შვილებთან ერთად დასვენება ყოველთვის მიყვარდა და დღესაც მიყვარს. ჩემი ასაკის ქალები შვილიშვილებთან ერთად ვერ ისვენებენ, პირადად მე კი ნამდვილად არ მღლიან. ვერ მოვიტყუები, წყნარები არიან და ჩუმად სხედან-მეთქი, პირიქით – გიჟებივით დარბიან, ჩხუბობენ, ჭიდაობენ, ხანდახან გაშველებამდე და ხმამაღალ რეპლიკებამდეც კი მიდის საქმე, მაგრამ მათთან ყოფნა, დასასვენებლად წასვლა მსიამოვნებს. ახლა მე, უმცროსი ქალიშვილის ოჯახი და რეზო შეკვეთილში წავალთ, კარგ დროს გავატარებთ. ჩვენი მეგობრების სასტუმროს ვეწვევით. უკვე 12 წელია, ზაფხულობით მათთან დავდივართ. განაგრძეთ კითხვა