რადიო „მარნეული“ ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 26 დეკემბერს, მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში 23 წლის ექიმი, სავარაუდოდ, თრომბოემბოლიით გარდაიცვალა. მედიის ცნობით, მან კოვიდ-19 ცოტა ხნის წინ გადაიტანა. რადიო „მარნეული“ კლინიკის თანამშრომელზე დაყრდნობით წერს, რომ ის გამოჯანმრთელების შემდეგ სამსახურს დაუბრუნდა, დღეს დილით კი კლინიკაში გარდაცვლილი იპოვეს.
მოგვიანებით გარდაცვლილი ექიმის შესახებ ინფორმაცია “სოლიდარობის ქსელმაც” გაავრცელა. ფეისბუკზე მათ დაწერეს, რომ 23 წლის ექიმი გიორგი ბუაძე იყო, რომელიც მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში სამუშაო მოვალეობის დროს გარდაიცვალა.
“მან „კორონავირუსი“ გადაიტანა და სამუშაოზე დაბრუნდა. თუმცა, სამი დღე გადაბმული და გადატვირთული მუშაობის შემდეგ ის კოლეგებმა გარდაცვლილი იპოვნეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად თრომბოემბოლია სახელდება. ჩვენი ინფორმაციით, კადრების ნაკლებობის გამო მას უწევდა ექთნის და სანიტარის ფუნქციების შეთავსებაც, რაც აათმაგებდა მის სამუშაო დატვირთვას”, – წერს “სოლიდარობის ქსელი”.