შოვში, სტიქიის ზონაში მაშველები კიდევ 10-ზე მეტ დაკარგულს ეძებენ. მათ შორის არის სოფო ყარალაშვილი, მის ძმაზე გიორგი ყარალაშვილზე დნმ ექსპერტიზას ელოდებიან, მათი მეგობარი დავით ბერიაშვილი კი მშობლიურ წნორში დაკრძალეს. – ამასთან დაკავშირებით “ფეისდბუკზე” პოსტს “ცოდნის კაფეს” დამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი აქვეყნებს და წერს:
“მეგობრებო, უზარმაზარი მადლობა გამხნევებების მცდელობებისთვის. გუშინ ერთი მეგობარი გავაცილეთ. ერთი თითქმის ვიპოვეთ, მეორეს ვეძებთ და იმედია მათაც ღირსეულად გავაცილებთ.
სანამ წიგნს ხელში ავიღებ, მგონია, ასე მოიქცეოდნენ ჩემს ადგილას სოფი, გიო და დათოც, რომ ოდნავ მონორმალურო ცხოვრებას ცოტახნით დაუბრუნდებოდნენ, მადლობებს უნდა ჩამოვყვე. ჯერ აუცილებელი საჯარო გაბრაზების, მოთხოვნის და მუშაობის რესურსი არა მაქვს. ამიტომ, ჯერ მადლობები:
1. თითქმის ყველა მაშველს და პოლიციელს, ვისაც 4 აგვისტოდან იქ ვუყურებდი. ადამიანური თავგანწირვისთვის. პერსონალური გმირობისთვის, რომელიც იმიტომ დასჭირდათ, რომ სისტემა არ მუშაობს. მადლობა მათ ოჯახებს რომ არ წაიყვანეს და მზად იყვნენ დანაკარგისთვის.
2. მადლობა მოხალისეებს რაჭაში, ვინც ტყე-ტყე იარა საშველად და საძებნად, ვინც საჭმელი და სასმელი არ მოაკლო მაშველებს, ვინც ოჯახებს და ახლობლებს ფარად გვედგნენ როგორც შეეძლოთ. განსაკუთრებული მადლობა Gvantsa Akiashviliს და Eto Arsanidze და ყველა მოხალისეს. მადლობა წითელ ჯვრის ექიმებს, მაგათი იმედით ვიყავი რომ იქ არ მოვკვდებოდით შეტევით და რამე არ დაემართებოდათ მეგობრების მშობლებს.
3. მადლობა ქუთაისის სამხარაულის ბიუროს მთავარ გამომძიებელს, სახელი არ მახსოვს, მთელ ამ ჯოჯოხეთში ყველაზე ადექვატური პროფესიონალი ეგ შეგვხვდა. მადლობა გადაეცით გთხოვთ, თუ ვინმე იცნობთ და მომინიშნეთ აქ, ცალკე უნდა მივწერო, ოჯახებს როგორ უხსნიდა გულდასმით ყველაფერს, ყელის გამოწევით, ვედრებით და ასევე როგორ არიდებდა შესაძლო ტრავმებს.
4. მადლობა, შოთა საღარეიშვილს, რომ შოვში ერთადერთი აღმოჩნდა ვინც ადეკვატურად მოემსახურა დაკარგულის და იმ დროს უკვე შესაძლო გარდაცვლილის დედას და ისე გადაგვიყვანა ქუთაისში ამოცნობაზე როგორც საჭირო იყო. გახსენებაც მიჭირს რა ხდებოდა ველზე – ქაოსი, დაბნეულობა და სისასტიკე იყო პოლიციელებს შორის და უცებ როგორ გამოჩნდა ეს ადამიანი და როგორ მდუმარედ და სრული ემპათიით გვემსახურებოდა შოვიდან ქუთაისის სამხარაულის ბიურომდე და უკანა გზაზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service მგონი განსაკუთრებული კადრი გყავთ და ამასაც ნუ გააქცევთ თქვენგან ან ქვეყნიდან #შოთასაღარეიშვი
5. მადლობა ჩემს მეგობრებს, დედას, ძმას, მამას, რომ თუთა სრულად გადაიბარეს შესაძლებლობას მაძლევენ ვიგლოვო და ვიყო მეგობრების მშობლების გვერდით.
6. მთავარი მადლობა ჩემი გარდაცვლილი მეგობრების მშობლებს, ჯერ რომ შესაშურად მაგარი მეგობრები გაგვიზარდეს და მერე რომ ამ დღეებშიც ჩემთვის სამაგალითოები არიან, როგორ არ დაკარგეს სახე, ადამიანობა, ემპათია, შინაგანი კარკასიც როგორ შეინარჩუნეს და როგორ მზად არიან დათო, სოფის და გიოს უკვდავყოფისთვის ყველაფერი გააკეთონ და იმისთვისაც რომ მათთან მართლები იყვნენ.
7. ბოლო კიდევ, მადლობა თქვენ ხალხო, აქ ბევრი ახლო, ნაცნობი და უცნობი მეგობარი და გულშემატკივარი მყავხართ და თქვენი სრული უმრავლესობის იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეგობრების დაწყებული საქმეები გავაგრძელოთ და მთავარი, როგორი ქვეყნისთვისაც ეგენი იბრძოდნენ, ეგ გავაკეთოთ.
პ.ს. ვერ გპასუხობთ მესიჯებზე ყველას, კომენტარებზე მით უმეტეს, მაგრამ ვკითხულობ და მადლობა. ოი, და, მადლობა კამარა Kamara-ს რომ ფსიქო თერაპევტის მომსახურებებს უფასოდ სთავაზობთ შოვში მომხდართან დაკავშირებულ ხალხს.”